გიორგი კვირიკაშვილი: კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა არაადეკვატურია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა, არსებული საკონსტიტუციო რეალობის გათვალისწინებით, არაადეკვატურია.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნებისმიერ კრიზისზე ქვეყანაში პასუხისმგებელია მთავრობა და კრიზისული ვითარება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ უნდა იმართებოდეს, რომლის მეთაურია პრემიერ-მინისტრი.
კრიზისული სიტუაციების ოპერატიულად მართვისთვის მთავრობას სჭირდება ეფექტური და ქმედითი ორგანო, რასაც ამ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები მკაფიოდ არის გამიჯნული.
პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მთავრობისა და პირადად მისი მხრიდან პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობას.
აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პასუხისმგებელია მართვაზე და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს თუ ინსტიტუტს გამოიყენებს, რომელიც ეფექტური მენეჯმენტისთვის არის საჭირო. ძველი კონსტიტუციით, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო პრეზიდენტი, ბუნებრივია, რომ უშიშროების საბჭოში იყო აკუმულირებული ყველა ფუნქცია. დღევანდელი კონსტიტუციით, თუ კრიზისი გადადის საგანგებო მდგომარეობაში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილებების ნაწილის მიღება უშიშროების საბჭოს ფორმატში.