სასამართლომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლო განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ რ.ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბრალდებულს სასჯელის ზომად 13 წლით, 8 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ რ.ქ.-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. მას საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 8 თვითა და 27 დღით განესაზღვრა.
საქმის მასალების თანახმად, რ.ქ.-ს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა. კერძოდ, 2015 წლის 25 მაისს, ღამის საათებში, ბრალდებულს თბილისში, გ. ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის ბართან, სიტყვიერი და ფიზიკური შელაპარაკება მოუვიდა ბ.მ.-სთან. იმავე დღეს ბრალდებული მივიდა ბ.მ.-ს საცხოვრებელ სახლთან (თბილისი, ნუცუბიძის მე-3 მ/რაიონი) და შურისძიების მოტივით და განზრახ მკვლელობის მიზნით, ფეხით მიმავალს, ზურგისა და გულმკერდის არეში დანით მიაყენა ორი ჭრილობა, რის შედეგადაც ბ.მ. გარდაიცვალა, ხოლო რ.ქ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 6 სასამართლო სხდომა. რ.ქ.-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
არსებითი განხილვის ეტაპზე, სასამართლო გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, მოისმინა მხარეთა პოზიციები და მოწმეთა ჩვენებები და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რ.ქ. დამნაშავედ ცნო მის მიმართ ბრალად შერაცხულ დანაშაულში. სასამართლომ საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, ბრალდებულ რ.ქ.-ს თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, 8 თვითა და 27 დღით განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით”, – აღნიშნულია განცხადებაში.