საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი ქადაგიძის დაკითხვა მიმდინარეობს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ საქმეზე ჰკითხავენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნულ საქმეზე შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს.
როგორც მან განმარტა, ახალი კანონით მნიშვნელოვნად გაიზრდება ბიუროკრატია და ეროვნულ ბანკს 10 მილიონი ლარით გაეზრდება ხარჯები.
“ეს კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდნენ ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და ასე შემდეგ. ვფიქრობ, არაფერს სასიკეთოს ეს კანონი არ მოგვიტანს, გარდა იმისა, რომ მნიშვნელოვნად იზრდება ბიუროკრატია და 10 მილიონით გაეზრდება ხარჯი ეროვნულ ბანკს”, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 12 ოქტომბერს “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფალი დემოკრატების” 39 დეპუტატის სარჩელი წარმოებაში მიიღო და ასევე, დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთვის მუშაობის შეჩერების თაობაზე. პლენუმის გადაწყვეტილებით, სააგენტოს მუშაობა შეჩერდა მანამდე, სანამ აღნიშნულ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. პარლამენტის 39 დეპუტატმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 22 სექტემბერს შეიტანა.