საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ესტუმრება

   საქართველოს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში ხვალ პოლიტიკური კომიტეტისა და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები ნატოს სამეკავშირეო ოფისს ეწვევიან, სადაც მრგვალი მაგიდა გაიმართება.
ამასთან, ალიანსის წარმომადგენლები სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” შეხვედრას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან და საქართველოს პარლამენტის წევრებთან გამართავენ. შეხვედრაზე საქართველოს შიდა რეფორმებს, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ნატოს როლზე, ასევე რეგიონულ სტაბილურობაში საქართველოს როლზე ისაუბრებენ.
გარდა ამისა, დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ეწვევიან. დღის ბოლოს კი სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება.
ვიზიტის მეორე დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდებიან, მათ შორის, ვასილ სიხარულიძეს, ნიკა ჩიტაძეს, ირაკლი მენაღარიშვილის, ალექსანდრე რონდელს, კახა გოგოლაშვილს, თორნიკე შარაშენიძეს, ვახტანგ მაისაიას, ეკა გოგუაძეს, მარინა მუსხელიშვილს, თამარ გვარამიძეს, ნინო ლომჯარიას, თეონა აქუბარდიასა და გია ნოდიას.
ამასთან, შეხვედრები გაიმართება პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე დავით დონდუასთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ ელენე გოცაძესთან და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივან მინდია ჯანელიძესთან. სტუმრები ვაზიანის სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ, დაგეგმილია გამგზავრება საქართველო-სომხეთის საზღვარზე სასაზღვრო პოლიციის მუშაობის გაცნობის მიზნით, სოფელ ოძისის მონახულება, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სათაო ოფისში სტუმრობა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან გრისტთან შეხვედრა, რის შემდეგაც მისიის მანდატისა და საქმიანობის შესახებ ბრიფინგი გაიმართება. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი 26 მარტამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები