თეა წულუკიანი: ვისურვებდი, რომ „მაესტრო“ ჩვენთან დარჩეს
ჩვენ შორს ვდგავართ ტელეკომპანია “მაესტროს” ირგვლივ მიმდინარე პროცესებისგან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „მაესტროში“ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
წულუკიანმა ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მსგავსი საკითხები მეწილეებმა და პარტნიორებმა კანონის დადგენილი წესის მიხედვით ერთმანეთში უნდა გაარკვიონ.
„ჩვენ შორს ვდგავართ ამ პროცესებისგან და შიდა პროცედურული თუ სხვა ასეთი საკითხები, არ მინდა პრობლემები დავარქვა, სხვადასხვა პარტნიორმა, მეწილეებმა ერთმანეთში კანონის დადგენილი წესით უნდა გადაწყვიტონ.
ერთადერთი, მე იმას ვისურვებდი, რაც „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში ვისურვე ყოველთვის, რომ „მაესტრო“ დარჩეს ჩვენთან, „მაესტრო“ ფუნქციონირებდეს და საქართველოს ჰყავდეს რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება, რომელიც საზოგადოებას დამოუკიდებელ ინფორმაციას მიაწვდის“,- განაცხადა წულუკიანმა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე („უცნობი“) გახდა. მან ტელეკომპანიის 55%-იანი წილი შეიძინა. საჯარო რეესტრში უკვე ოფიციალურად რეგისტრირებულია ცვლილებები, რომლის თანახმადაც, გაჩეჩილაძემ გიორგი ებრალიძისა და ლევან ჩიკვაიძის წილები შეიძინა.