ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრის მცირე სცენაზე პრემიერაა
4 და 5 თებერვალს, 19:00 საათზე ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრში პრემიერაა. თამაზ გოდერძიშვილის ლიტერატურულ-დოკუმენტური პიესის „აკაკის“ მიხედვით რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი მაყურებელს ახალ ნამუშევარს შესთავაზებს.
ერთმოქმედებიანი სპექტაკლი, აკაკი წერეთლის ცხოვრებიდან ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილ, დოკუმენტურ მასალას ეფუძნება.
ბევრმა არ იცის, რომ აკაკი ორჯერ გახდა შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე, მაგრამ, ილია ჭავჭავაძისგან განსხვავებით, გადარჩა.
აკაკი წერეთელი პეტერბურგში იმ მიზნით გაემგზავრა, რომ გენერალი გამხდარიყო და ქვეყანა გაეთავისუფლებინა. რუსი მაგნატის, პეტრე ბაზილევსკის ქალიშვილი ნატალია ბაზილევსკაია კი თვითმკვლელობით დაემუქრა, თუ ცოლად არ შეირთავდა. აკაკი წერეთელმა ნატალია ცოლად შეირთო.
სპექტაკლში გამოყენებულია აკაკის ნაწარმოებები და თანამედროვეთა წერილები. მოქმედი გმირები არიან: ილია, ვაჟა, იაკობ ნიკოლაძე და სხვა. სპექტაკლის მხატვარია თამარ ჭავჭანიძე, კომპოზიტორი – მიშა მდინარაძე. სპექტაკლში მონაწილეობენ როგორც მოზარდმაყურებელთა თეატრის, ასევე მოწვეული მსახიობები.