ჯულიან ასანჟი მზად არის, ბრიტანეთის პოლიციას ჩაბარდეს

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა განაცხადა, რომ ის მზად არის, დატოვოს ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოს შენობა და დიდი ბრიტანეთის პოლიციას ჩაბარდეს. ასანჟი ამას იმ შემთხვევაში გააკეთებს, თუ გაეროს კომისია დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ მის საჩივარს უარყოფს. ამის შესახებ „ბი–ბი–სი“ იუწყება. გაეროს სამუშაო ჯგუფი თავის გადაწყვეტილებას პარასკევს გაასაჯაროებს.
„თუ გაერო განაცხადებს, რომ მე დიდი ბრიტანეთის და შვედეთის წინააღმდეგ საქმე წავაგე, მე საელჩოს პარასკევს დავტოვებ და პოლიციას ჩავბარდები, რადგანაც ამ საქმის ხელახალი გასაჩივრების პერსპექტივა არ არსებობს“, – ნათქვამია ასანჟის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საიტი „ვიკილიქსი“ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც პენტაგონის, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ასიათასობით საიდუმლო მასალა გამოაქვეყნა.
ეკვადორის საელჩოში ასანჟმა თავშესაფარი 2012 წელს მოითხოვა, ვინაიდან სურდა, შვედეთში ექსტრადირება თავიდან აეცილებინა.
2014 წელს მან გაეროში საჩივარი შეიტანა, რომელშიც აღნიშნა, რომ ეკვადორის საელჩოში მისი ყოფნა უკანონოა და ის გადაადგილების უფლებას უზღუდავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები