თსუ-ს სასწავლო-სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის დირექტორი მთავრობას დახმარებას სთხოვს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის დირექტორი მერაბ ალავერდაშვილი ხელისუფლებას სტიქიის შედეგად განადგურებული ლაბორატორიის აღდგენაში დახმარებას სთხოვს.
ლაბორატორია, რომელიც სვანიძის ქუჩაზე მდებარეობდა, ზაფხულში სტიქიის დროს სრულად განადგურდა.
ალავერდაშვილის განცხადებით, ლაბორატორიის აღსადგენად თანხების ნაწილს განათლების სამინისტრო, ნაწილს კი ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დაფარავს, თუმცა პროცესის დასაწყებად აუცილებელია მერიამ ამ სამუშაოების დაწყების ნებართვა გასცეს.
ლაბორატორიის დირექტორმა მერიისგან ლაბორატორიის იმავე ადგილზე აღდგენასთან დაკავშირებით უარი მიიღო. მერიის განმარტებით, აღნიშნულ ადგილზე ლაბორატორიის განთავსება არ შეიძლება, რადგან არსებულ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო და საცხოვრებელი ზონები იქნება.
„მერიისგან მივიღეთ უარი ჩვენსავე ტერიტორიაზე, სვანიძის ქუჩაზე აღვადგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორია.
მერიის განცხადების მიხედვით აღნიშნულ ადგილზე ლაბორატორიის განთავსება არ შეიძლება, რადგან არსებულ მიწის ნაკვეთზე სარეკრეაციო და საცხოვრებელი ზონები იქნება. ეკონომიკის სამინისტრომ ლაბორატორიის აღსადგენად ჩვენივე ტერიტორია დაგვიმტკიცა. ლაბორატორიის აღდგენისთვის თანხებს განათლების სამინისტრო და თსუ გაიღებს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია მერიის ნებართვა გვქონდეს. აუცილებელია აქ განთავსდეს ლაბორატორია, აუცილებელია მდინარის სანაპირო ზოლში განთავსდეს ის ხელსაწყო იარაღები, რომელთა მეშვეობითაც ხდება აღრიცხვა. ასეთი ლაბორატორია არათუ ქვეყნის, არამედ ამიერკავკასიის მასშტაბით ერთადერთია. სტიქიის დროს თანადგომა აღმითქვა კახა კალაძემ. ვთხოვ მთავრობას, დაგვიდგეს გვერდით და ჩვენი ლაბორატორიის აღდგენის ნებართვა მოგვცენ“,- აღნიშნა მერაბ ალავერდაშვილმა.
მისივე განცხადებით, სასწრაფოდ უნდა აღდგეს ის სამუშაოები, რაც ტარდებოდა ლაბორატორიაში და მდინარე ვერეს ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგი.
ალავერდაშვილის თქმით, ლაბორატორიის ადგილი შეტბორვის ზონად და სარეკრეაციო ზონად გამოცხადდა, თუმცა ლაბორატორიის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სტიქიის შედეგად მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაოების შემდეგ სვანიძის ქუჩა საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
„მდინარის ზედა წელში ტარდება პრევენციული ღონისძიებები, უნდა გაკეთდეს ბარაჟები და ცხაური ტიპის რკინაბეტონის კონსტრუქციები. მთავრობა ამას აკეთებს. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ეს ტერიტორია, სადაც იყო ლაბორატორია, დღეს საშიშროებას აღარ წარმოდგენს. ამიტომაც ვითხოვთ, ლაბორატორიის ჩვენივე ტერიტორიაზე აღდგენის საშუალება მოგვცენ“, – აღნიშნა ალავერდაშვილმა.