გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში 2015 წლის მთავარი გამოწვევები დაასახელა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, 2015 წელი რთული იყო როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
“2015 წელი რთული იყო როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე, დოლარის გამყარება, ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია; რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები – ეს არის ჩამონათვალი იმ გამოწვევებისა, რომლებთანაც მსოფლიოს, ჩვენი რეგიონის და, რა თქმა უნდა, მასთან ერთად საქართველოს ეკონომიკას უწევდა გამკლავება მთელი წლის განმავლობაში”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, შეზღუდული რესურსების ფონზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია ქვეყნებს შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მხრივ.
“მიმდინარე რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები ნიშნავს უკან დახევას. როგორც თანამედროვე ევროპული ქართული სახელმწიფოს შემოქმედი, ილია ჭავჭავაძე ამბობდა – “აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე”. ამიტომ, ზემოთ აღწერილი რთული ვითარებიდან გამოსასვლელად განსაკუთრებით პრობლემატურია პროცესების ტემპი”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.