წინა ხელისუფლების “რეკეტის შედეგად დაზარალებული” ბიზნესმენი პროკურატურას მიმართავს

ბიზნესმენი დავით ბიძინაშვილი წინა ხელისუფლების დროს გაძარცვული და დაყაჩაღებული ბიზნესის შესახებ საუბრობს და პროკურატურას საქმის გამოძიების დაჩქარებას სთხოვს.
როგორც სამკერვალო ფაბრიკების – შპს „ივერიას“ და შპს „ივერია 90“ -ის დირექტორმა და დამფუძნებელმა დავით ბიძინაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, წინა ხელისუფლების რეკეტის წყალობით მისი ბიზნესი გაკოტრდა და ფაბრიკები ბანკმა გაუყიდა.
როგორც ბიძინაშვილი აცხადებს, 2006 წელს წინა ხელისუფლებამ მის წინააღმდეგ სამხილები შეთითხნა და ბიზნესმენი ყალბი ანგარიშფაქტურის დამზადებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც პერიოდულად მას ფულს სძალავდნენ.
„პრობლემა დაიწყო 2006 წელს. წინა ხელისუფლებამ ჩემი და ჩემი დარგის სამკერვალო ფაბრიკების ბიზნესის დაყაჩაღება დაიწყო. 100 %-ით, თუ ვინმე მონაწილე ვიყავით ამ დარგში ყველანი გაძარცვული და დაყაჩაღებული ვართ. არცერთი კომპანია არაფერში არ არის გამართლებული. შპს „ივერია“ და შპს „ივერია 90“ – ორივე იყო სამკერვალო ფაბრიკა და საკმაოდ წარმატებულად ვმოღვაწეობდით, ძირითადად, ბიუჯეტურ ორგანიზაციებს, ფაბრიკებს, ქარხნებს ვემსახურებოდით. ჩვენ არ გვქონია არცერთი მაღაზია და არ გავსულვართ ბაზარზე. მთელი ჩვენი მუშაობა და პროცესი მხოლოდ და მხოლოდ გადარიცხვებით, მხოლოდ ოფიციალური შემოტანებით და მხოლოდ და მხოლოდ მზა პროდუქციის ოფიციალური მიწოდებით ხდებოდა.
ჩვენ შეგვიდგინეს ყალბი ანგარიშფაქტურა, რის შემდეგაც ყოველგვარი გამოძიების და რევიზიების გარეშე გვიბარებდნენ მეწარმეებს და ძალდატანებითა და მუქარით რაღაც პერიოდის განმავლობაში გვაიძულებდნენ, მათ მიერ მოცემულ სხვადასხვა ანგარიშზე თანხების შეტანას. ამ თანხების ნაწილი ბიუჯეტში, ნაწილი კი პროკურატურის მიერ მითითებულ რაღაც ანგარიშებზე მიდიოდა.
2007 წელს გადარიცხულმა თანხებმა უკვე 600 000 მიაღწია. ეს თანხები რომ გადაგვეხადა, ბანკიდან ავიღეთ ნაწილის კრედიტი, შემდეგ კი ბანკში ერთი ფაბრიკის ჩადებაც მოგვიხდა.
ფაბრიკები გაკოტრდა. ფაბრიკა „ივერია 90“ მაშინვე დავხურეთ, რადგან სამუშაო თანხები აღარ გაგვაჩნდა. მათ მიჰქონდათ მთელი ჩვენი ნამუშევარი თანხა. 2010 წლისთვის შპს „ივერია“ ისევ დავაყენე ფეხზე, როცა ერთ დღესაც აეროპორტში დამხვდნენ და ისევ შეთითხნილი ყალბი ანგარიშფაქტურის გაკეთების ბრალდებით დამაკავეს, წამიყვანეს ფინანსურ პოლიციაში და მომთხოვეს 100 000-ის გადახდა“,- განაცხადა დავით ბიძინაშვილმა.
ბიზნესმენმა თანხის გადახდაზე უარი განაცხადა, თუმცა შემდეგ, დაკავებიდან რამდენიმე დღეში, იძულებული გახდა, მოთხოვნას დათანხმებოდა, რათა ყალბი ბრალდებით ციხეში არ დარჩენილიყო და 100 000 -ის გადახდაზე დათანხმდა.
საქმეზე გამოძიება 2012 წელს აგვისტოში შეჩერდა, თუმცა, ბიზნესმენის განცხადებით, პროცესი ახლახან განახლდა და საქმეზე ძიება მიმდინარეობს. მისი თქმით, საქმეში რამდენიმე ეპიზოდი არსებობს, თუმცა გამოძიება მხოლოდ პირველ ეპიზოდზე მიმდინარეობს.
„რაც შეეხება ფაბრიკებს, ფაბრიკები ბანკმა დეკემბერში გამიყიდა და ახალ მყიდველთან ვარ დღეს იჯარით. ორივე წარმოება გაუბედურებული და გაძარცვულია. ვთხოვ გამოძიებას, რომ არ გაჩერდნენ და სამართლიანობა აღდგეს“,- აღნიშნავს ბიძინაშვილი.
გარდა დავით ბიძინაშვილისა, სამკერვალო ფაბრიკების ბიზნესში სხვა დაზარალებული ბიზნესმენებიც არიან. ყველა მათგანს ბრალი ყალბი ანგარიშფაქტურების დამზადებაში ედებათ. ასეთივე ბრალდება ჰქონდა წინა ხელისუფლებას ბიზნესმენ ზაზა გვენეტაძის მიმართაც, თუმცა, როგორც გვენეტაძის უფლებადამცველმა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, საქმეში არსებულმა ბრალდებულებმა ციხიდან თავის დაღწევის მიზნით მაშინ არჩადენილი ბრალი „აღიარეს“, რის გამოც დღეს სამართლებრივად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
„საქმეზე არსებობს 4 ბრალდებული, რომელთა მიმართ საქმე 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2012 წელს ეს საქმე დროებით შეჩერდა. მაშინდელი პროკურატურის მხრიდან იყო დაპირება ბრალდებულების მიმართ, რომ თუ გადაიხდიდნენ გარკვეული ოდენობის თანხებს, მათ მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდებოდა, სწორედ ამ უკანონო და ცრუ დაპირებამ გამოიწვია ის, რომ ბრალდებულებმა და დაცვის მხარემ სადავოდ არ აქციეს ბრალდების მხარის არცერთი მტკიცებულება და ყველამ ბრალი აღიარა, რომ თავისუფლება შეენარჩუნებინათ. ამ ხალხს აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალათ, გამოუშვეს საპატიმროებიდან და საქმის განხილვა შეჩერდა.
საქმის განხილვა განახლდა, მაგრამ არის სამართლებრივი პრობლემა, მე ამ საქმეში ზაზა გვენეტაძის ინტერესებს ვიცავ, ზაზა გვენეტაძეც ასევე სამკერვალო ბიზნესით იყო დაკავებული და მის მიმართაც ყალბი ანგარიშფაქტურა შეთითხნეს. პრობლემა არის ის, რომ 2012 წელს სასამართლოზე ამ ხალხმა იძულებით აღიარა ბრალი, დღეს დაცვის მხარეს აღარ აქვს უფლება, სადავოდ აქციოს ის მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულებმა წლების წინ აღიარეს და მტკიცებულებები სადავოდ არ გახადეს. რადგან მაშინ „აღიარეს“, დღეს ერთმევათ სამართლიანი სასამართლოს და დაცვის უფლება. ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას საქმეში არსებული მტკიცებულებების არსებითად განხილვის თაობაზე, რომ სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩვენ შევძლოთ ამ ბრალდების აბსურდულობის დამტკიცება“,- აღნიშნა ადვოკატმა დიმიტრი მჭედლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები