იუსტიციის საბჭო მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების სკანდალთან დაკავშირებულ საკითხებს არ განიხილავს

უკვე ორი საათია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. საბჭო მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების სკანდალთან დაკავშირებულ საკითხებს არ განიხილავს. საბჭოს წევრები მოსამართლეთა ტესტირების მეორე ეტაპის შესახებ მსჯელობენ, რასაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც ესწრება.
„საჭიროა იმ ადამიანების გამოკვეთა, ვის მიმართაც ეჭვები არსებობდა, ვინაიდან, ერთ შემთხვევაში ეს იყო სრული თანხვედრა, იდენტური პასუხი გასცა კანდიდატმა, რაც იყო წინასწარ მომზადებული ტესტის შემდგენლის მიერ. ხოლო, რამდენიმე შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, იდენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა არის გარკვეული მსგავსება და ეჭვის საფუძველი არსებობს. გარდა ამისა, ისიც გასარკვევია, ეს გაჟონვა უკავშირდებოდა ვინმეს არაკეთილსინდისიერებას თუ ტექნიკურ შეცდომას ან ვიღაცის მცდელობას, რომ შეეღწია კომპიუტერში, მიეღო გარკვეული ინფორმაცია,“ – განმარტავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე.
შეხვედრის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ნინო გვენეტაძე არ უარყოფს, რომ იცნობს იმ ერთადერთ კანდიდატს, რომელმაც საკვალიფიკაციო გამოცდაში 100-დან 100 ქულა მიიღო. თუმცა ის კატეგორიულად გამორიცხავს, რომ ამ კონკურსანტს ტესტის შედეგები წინასწარ სცოდნოდა.
„მე მჯერა, რომ გამოცდა ობიექტურად ჩატარდა,“ – აცხადებს ნინო გვენეტაძე. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის განმარტებით, თუ რამე გამოიკვეთება, ეს მასალები პროკურატურაში გადაიგზავნება. ლევან მურუსიძის განმარტებით, საბჭოს ყველა წევრი მზად არის თანამშრომლობისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები