თინათინ ხიდაშელი ჰოვიკ აბრაჰამიანს და ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა

სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს და საგარეო საქმეთა მინისტრს ედვარდ ნალბანდიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე რეგიონში არსებული მდგომარეობა და სომხეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

თინათინ ხიდაშელის განცხადებით, პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან ძალიან საინტერესო და პროდუქტიული შეხვედრები შედგა: „ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გაგვეცვალა მოსაზრებები რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც პრემიერ-მინისტრთან საუბრის თემები უფრო ფართო იყო, ვიდრე მხოლოდ საქართველო-სომხეთის ურთიერთობები.“

თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე . „მე სულ ორი კვირის წინ დავბრუნდი ავღანეთიდან, სადაც შესაძლებლობა მქონდა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად სომხეთის რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეებსაც შევხვედროდი. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია იმის დემონსტრირებისთვის, რამდენად წარმატებული შეიძლება იყოს თანამშრომლობა, როდესაც ქვეყნები მოწადინებულები არიან ერთად იბრძოლონ მშვიდობისთვის. სწორედ ამ მაგალითით ვსაუბრობდით, როდესაც რეგიონში სტაბილურობის, უფრო მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოებისთვის მხარდაჭერასა და ერთობლივ საქმიანობაზე ვისაუბრეთ,“ – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის, მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის უფრო მეტი ფორმატები გაჩნდება.

თინათინ ხიდაშელი სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, გალუსტ საჰაკიანთან შეხვედრით დაასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები