გიორგი მარგველაშვილი: ისმის პოლიტიკოსებისგან, თურმე პრეზიდენტს ამის თქმის უფლება აქვს, იმის თქმის უფლება არ აქვს

საქართველოს პრეზიდენტი არის ისეთივე საქართველოს მოქალაქე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი და მას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოლიტიკური პოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“ განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებშიც თავს თავად შეიზღუდავს, მაგრამ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ის გაჩუმებას არ აპირებს.
“ამ ბოლო დროს საინტერესო ნოტები ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისგან, სხვადასხვა ადამიანის მხრიდან, თურმე პრეზიდენტს ამის თქმის უფლება აქვს, ამის თქმის უფლება არ აქვს. საბოლოოდ რომ შეაჯამოთ ეს გამონათქვამები, ეს კონსტიტუციონალიზმის ბრილიანტები, მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ამ ქვეყანაში პრეზიდენტს საერთოდ ხმის ამოღების უფლება არა აქვს. თურმე ამაზე არ უნდა დავაფიქსირო ჩემი პოლიტიკური პოზიცია, იმაზე აზრი უნდა მქონდეს, მაგრამ ჩუმად ვიყო, თანაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზოგად ჭეშმარიტებებზე. მე არასდროს ჩემს რიტორიკაში არავის მიმართ არ ვყოფილვარ არც აგრესიული და განსაკუთრებით არასდროს არ მომითხოვია ვინმეს დევნა, მაგრამ თუ საუბარია იმაზე, რომ ახლა მე, თუ ვინმე შეეცდება და გამაჩუმებს და არ მათქმევინებს თეთრზე, რომ თეთრია და შავზე, რომ შავია, თან ამოიფარებს უკან კონსტიტუციას და იტყვის, რომ კონსტიტუციაში თურმე სადმე წერია ასე, კარგად გადაშალონ ის ჩემი მათთვის ნაჩუქარი და დაბეჭდილი კონსტიტუციები, კარგად ჩაიარონ ყველა პუნქტი და კარგად ნახონ, რაზეა საუბარი. ადამიანებს, რომელთაც შესაძლოა, კონსტიტუცია არც წაუკითხავთ, ნუ მესაუბრებიან ზოგადი ჭეშმარიტებებით.
საქართველოს პრეზიდენტი არის ისეთივე საქართველოს მოქალაქე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი. მას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოლიტიკური პოზიცია. თვითშეზღუდვა უნდა დავაწესო იმასთან დაკავშირებით, რომ დავიწყო ახლა ინგა გრიგოლიას კრიტიკა, ინგა გრიგოლიას პოზიცია არ მომწონს, ან სარედაქციო პოლიტიკა არ მომწონს, ან ინგა გრიგოლიამ რატომ დამისვა ეს კითხვა. ნამდვილად უნდა შევიზღუდო ჩემი თავი ამაში. ნამდვილად, როცა მოსამართლე გამოიტანს კონკრეტულ ვერდიქტს, არ შეიძლება კონკრეტულ მოსამართლეს მოვთხოვო ამ კონკრეტულ ვერდიქტზე პასუხი.
ნამდვილად უნდა შევიზღუდო ჩემი თავი, როდესაც ადამიანი არის ბრალდებული და არ ვთქვა მასზე, რომ ის დამნაშავეა. მე ზუსტად ვიცი, რაში უნდა შევიზღუდო ჩემი თავი. მაგრამ საზოგადოებასთან დაკავშირებით და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, იმ სიმართლესთან დაკავშირებით, რაც მთელმა საზოგადოებამ იცის, რომელი ახალი ლოგიკით გადაწყვიტა ვინმემ, რომ შემზღუდავს, ან არ მათქმევინებს სიმართლეს. თანაც, რაც მთავარია, პირდაპირ ითქვას, რომ უბრალოდ არ მოგვწონს, რას ლაპარაკობ, რატომ ხდება ამოფარება?! იმას, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეულია, კონსტიტუციას, რომლის მიხედვითაც ვმოქმედებ ჩემი ყოველდღიური მუშაობის ყოველ ეტაპზე.
რა არის საკითხი აქ? საკითხი არის დაკავშირებული იმასთან, რომ მოსამართლეთა კორპუსი ისევე პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე, როგორც ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე. სადაც არის ვალდებულება, იქ არის პასუხისმგებლობა. არ არსებობს ვალდებულება პასუხისმგებლობის გარეშე. საზოგადოების წინაშე ნებისმიერი მოსამართლე არის ვალდებული და ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ პრეზიდენტი, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა მოსამართლეების მხარდაჭერა, გულისხმობს იმას, რომ მათ დაუჭერს მხარს მათ კონსტიტუციურ საქმიანობაში. მაგრამ, ზოგადად, ასე თეორიულად შეუმცდარი რომის პაპიც არ არის. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება შეცდეს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ პროცესზე, რამ შეაშფოთა საზოგადოება, რომელიც უკავშირდებოდა იუსტიციის საბჭოს მიერ ახალი მოსამართლეების დანიშვნას, დიახაც, მოსამართლეები ვალდებულნი არიან, საზოგადოებას გასცენ პასუხი. როდესაც ჩვენ გვესმის, რომ მოტივაცია დანიშვნის იყო, რაღაცა სხვა, გარდა იუსტიციის საბჭოს წევრების შინაგანი რწმენისა, რომ მათ აარჩიეს საუკეთესო მოსამართლეები, ბუნებრივია, აქ ყველა სვამს კითხვას: რა იყო ის სხვა მოტივაცია?”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები