გიორგი მარგველაშვილი: ჩემთვის ძირითადი გზავნილი ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობაა
„ძირითადი გზავნილი ჩემთვის, როგორც პოლიტიკურად, ასევე ემოციურად, არის ყველაზე მძიმე და აქტუალური, ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური-სოციალური მდგომარეობა“,- ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის მთავარ საკითხებზე დასმულ კითხვას.
გარდა ამისა, ქვეყნის პირველმა პირმა ტელეკომპანია „tv პირველის“ პირდაპირ ეთერში ანგარიშში მოხსენიებულ სხვა ძირითად საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ გზავნილები შეეხება ქვეყნის განვითრებისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს.
მისი თქმით, ეს, ბუნებრივია, უკავშირდება, ერთი მხრივ, საშინაო პოლიტიკას, მეორე მხრივ, იმ საგარეო გამოწვევებს, რომელიც საქართველოს წინაშე დგას ამ ახალი შეცვლილი გეოპოლიტიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
„აგრეთვე, ბუნებრივია, რომ გაკეთდება აქცენტი მომავალ, ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდასთან მიმართებაში, რომელიც ჩვენ – ყველამ ერთად უნდა ჩავაბაროთ – ეს არის არჩევნები, მაგრამ ღერძი და ძირითადი გზავნილი ჩემთვის როგორც პოლიტიკურად, ასევე ემოციურად, არის ყველაზე მძიმე და აქტუალური ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, რომელიც არის წინაპირობა იმისა, რომ ყველა სხვა საკითხზე ვისაუბროთ.
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები დგას ქართული დემოკრატიის წინაშე, მნიშვნელოვანი აქცენტები დგას იმასთან დაკავშირებით, როგორ განვავითაროთ სახელმწიფო, როგორ უფრო დაბალანსებულად და აქტიურად წავიყვანოთ საგარეო პოლიტიკა, როგორ შევძლოთ და სახელმწიფო ინსტიტუტები განვამტკიცოთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი კონკურენტული შესაძლებლობები ეკონომიკური მიმართულებით, მაგრამ ამოსავალი არის ის, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის რთული“,-აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.