“არ მინდა, რომ ირინა ენუქიძის ღვაწლი ჩემ მიერ ჩატარებულ პიარაქციასთან გაიგივდეს”
მე არ მინდა არაფრის დიდებით, რომ ირინა ენუქიძის ღვაწლი ჩემ მიერ ჩატარებულ პიარაქციასთან გაიგივდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში” სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, არც ირინა ენუქიძის, არც მარო მაყაშვილის და ნონა გაფრინდაშვილის დაჯილდოება შემთხვევითი არ იყო.
“მე არ მინდა არაფრის დიდებით, რომ ირინა ენუქიძის ღვაწლი გაიგივდეს ჩემ მიერ ჩატარებულ პიარაქციასთან. რომც მინდოდეს, ქალბატონი ირინას ღვაწლი ისეთი მაღალია, რომ მე ამას ვერ შევძლებდი იმიტომ, რომ ქალბატონ ირინას მთელი საზოგადოება იცნობდა და იცნობს, როგორც დედას, რომელმაც ფაქტობრივად დაკარგა ყველაფერი, რაც მისთვის იყო უმნიშვნელოვანესი და მაინც შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ შვილი დაკარგა, მას მთავარი, რის გამოც ცოცხლობდა, აღარ ჰქონდა. მან შეძლო, რომ გასულიყო, აღარ ყოფილიყო მარტო სანდრო გირგვლიანის დედა, არამედ გახდარიყო დედა იმ შვილების და იმ ბავშვების, რომლებიც შესაძლებელია, იმ ვითარებაში კიდევ ყოფილიყვნენ ძალადობის მსხვერპლი.
ეს ძალიან დიდი ღვაწლია ერის წინაშე და ასევე დიდი ღვაწლია პიროვნულად. არც ირინა ენუქიძის დაჯილდოება, არც ქალბატონი მარო მაყაშვილის, არც ნონა გაფრინდაშვილის დაჯილდოება არ იყო შემთხვევითი იმიტომ, რომ ეს იყო ქალთა წელი და მე მინდოდა, რომ ამ ქალთა წლის შეჯამებად გამომეყო ის განსაკუთრებული ქალბატონები – დედა, წარმატებული ქალი, ქართველი ქალი, რომელმაც საქართველოს სახელი გაიტანა ქვეყნის გარეთ და არა დედა, არა ცოლი, არამედ საქართველოსთვის მებრძოლი ქალი – ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მიმეთითებინა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.