პრეზიდენტი: უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მედიაგარემო არ ჩაიკეტოს

მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს მრავალფეროვანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“, ქართულ მედიაში არსებული ვითარების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მედიაგარემო არ ჩაიკეტოს.
“მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს მრავალფეროვანი, რომ მედია არ იყოს ჩაკეტილი თუნდაც პოლიტიკური ჯგუფების რაოდენობაში, რათა პოლიტიკოსს ჰქონდეს საშუალება, რომ ესაუბროს საზოგადოებას და ამ პროცესში იყოს ჩართული. რატომ ვართ ჩვენ გაფაციცებულები ასეთი შემთხვევის მიმართ? ჩვენ ვართ გაფაციცებულები იმიტომ, რომ ვაფასებთ ჩვენს თავისუფლებას და ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მედიაგარემო არ ჩაიკეტოს. რატომ ვართ გაფაციცებულები? იმიტომ რომ ჩვენ გაგვაჩნია უარყოფითი წარსული.
ჩვენ გვახსოვს რეალობა, როცა ჩვენ მხოლოდ ერთეულ ტელევიზიებში შეგვეძლო მისვლა, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციის გავრცელების საშუალება არ ჰქონდა, როდესაც ამ ტელევიზიების მუდმივი ბლოკირება და შეზღუდვა მიმდინარეობდა. ყველას მძიმედ გვახსოვს ეს პროცესი. მაშინაც კი ის მცირე გამონათებები, რომლებიც, მაგალითად, იყო “მაესტრო“, “კავკასია“ გვაძლევდა შესაძლებლობას, რომ გავლენა მოგვეხდინა პოლიტიკურ პროცესზე. ერთხელ გაკეთდა ასეთი სიუჟეტი, სამივე არხი ერთი და იმავე რამეს გადმოსცემდა ერთი და იმავე აქცენტით პირდაპირ ეთერში. ჩვენ მაინც ვახერხებდით სიმართლის თქმას, იმიტომ, რომ ქართველი მაყურებელი ყოველთვის დაინტერესებულია, გაიგოს თავისუფალი, განსხვავებული, კრიტიკული. ეს ეტაპი ჩვენ გადავიარეთ და ამ ეტაპთან დაბრუნება არ შეიძლება“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები