მიხეილ ჯანელიძე IDFI-ის საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოვიდა

დღევანდელი ფორუმი მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპისთვისაც, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გამართულ საერთაშორისო ფორუმზე – “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკური მისწრაფებებზე, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე საქართველოს ეკონომიკურ და დემოკრატიული განვითარებაზე ისაუბრა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, ისტორიული ხელმოწერით, საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობის თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის ამბიციური პროცესი დაიწყო.
ჯანელიძემ განსაკუთრებული ყურადღება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მნიშვნელობას დაუთმო და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ გაწევრიანების გზაზე გადადგა. მინისტრის განცხადებით, საქართველო წარმატებით ახორციელებს „არსებითი პაკეტით“ გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.
ამასთანავე, რეფორმები საქართველოს სამხედრო, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის, კარგი მმართველობის, დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების სექტორებში სწორედ ალიანსთან მჭიდრო კოორდინაციით ხორციელდება, რაც საქართველოს ნატოში გაწევრიანების უმთავრეს მიზანთან აახლოებს, ეს კი ქვეყანას სტაბილურობას, განვითარებასა და კეთილდღეობას მოუტანს.
„რეფორმების გატარების და დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში მისაბაძი მაგალითია. ჩვენ უნდა გავაღრმავოთ მიღწეული პროგრესი და გავაგრძელოთ სვლა ამ გზაზე“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ფორუმი სახელწოდებით: “საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები”, “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) ეგიდით, ბრემენის უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები