აქტუალური მუსიკის ფესტივალი – Close Encounters საქართველოს რეგიონებში ჩატარდება
დღეს, თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკის შვეიცარიულ-ქართული ფესტივალი – Close Encounters 2016 თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლებს.
ფესტივალი იწყება საქართველოში და მარტში გრძელდება შვეიცარიაში. ის მოიცავს თანამედროვე ექსპერიმენტულ და კლასიკურ მუსიკას.
საღამოები იმართება: თბილისში, მცხეთაში, გორში, ციურიხში, ვინტერტურში, ხურში.
მისი ორგანიზატორები არიან: თამარ კორძაია, რეზო კიკნაძე, მიშელ ციგლერი.
ღონისძიება 29 იანვარს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიხსნა ქართველი ავანგარდისტის, მიხეილ შუღლიაშვილის მუსიკით, წელს მისი 75 წლის იუბილე აღინიშნება. შესრულდა ნატალი ბერიძის ახალი ნაწარმოებები, მსმენელი კვლავ შეხვდა კაპელერ-ცუმთორის დუეტს, ქართულ ტრადიციულ მრავალხმიანობას, რომელიც „ანჩისხატის“ ანსამბლმა წარმოადგინა, იტალიური რენესანსის მუსიკა კი შვეიცარიულმა ანსამბლმა შეასრულა, დიჯეებმა ექსპერიმენტული, საინტერესო მუსიკა შესთავაზეს მსმენელს.