ფატუ ბენსუდა დე ფაქტო ხელისუფლებისგან და რუსეთისგან თანამშრომლობის სურვილის გამოხატვას ელის

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე ყველა მხარეს სასამართლოსთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.
როგორც ფატუ ბენსუდამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, მისი ოფისი შეძლებს მტკიცებულებების შეგროვებას, თუ კონფლიქტის ყველა მხარესთან თანამშრომლობა იქნება.
„ჩემი ოფისი შეძლებს მტკიცებულებების შეგროვებას, თუ გვექნება კონტაქტი და თანამშრომლობა კონფლიქტის ყველა მხარესთან. ეს იქნება საქართველო, სამხრეთ ოსეთი, დეფაქტო ხელისუფლება თუ რუსეთი. მე მათგან თანამშრომლობის სურვილის გამოხატვას ველი. ამას ვამბობ იმიტომ, რომ წინასწარი განხილვის ფაზაში რუსეთმა ჩვენთან ითანამშრომლა. მათ მოამარაგეს ოფისი უამრავი კონფლიქტთან დაკავშირებული და იმ სავარაუდო დანაშაულებების შესახებ, რომელსაც 2008 წელს ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ბენსუდამ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, კონფლიქტის ყველა მხარემ მიაწოდოს ინფორმაცია, რათა დადგინდეს მათი იურისდიქციის მიხედვით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰქონდა თუ არა ადგილი და ვინ არის პასუხისმგებელი პირი ამ დანაშაულში.
ბენსუდას განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლებამაც გამოხატა თანამშრომლობის სურვილი.
„გასულ წელს, როდესაც გამოვედი თხოვნით გამოძიების დაწყებაზე, უნდა აღვნიშნო, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამაც გამოთქვა ჩვენს ოფისთან თანამშრომლობის მზადყოფნა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება”, – აღნიშნა მან.
როგორც პროკურორმა განმარტა,  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო საქმეში ერთვება მაშინ, როდესაც ის ადგილობრივ დონეზე არ არის გამოძიებული. ბენსუდას თქმით, რუსეთში ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს და იგი მონიტორინგს უწევს პროცესს, თუმცა ქართულმა მხარემ გასული წლის მარტში გადაწყვიტა, რომ გამოძიება შეეწყვიტა.
“ჩემი, როგორც საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის როლია, რომის სტატუსის მიხედვით თუ ადგილი ჰქონდა დანაშაულს და არავინ სხვა თუ არ აპირებს გამოძიებას, მაშინ სასამართლოს პროკურორი უნდა ჩაერთოს. საქართველო რომის სტატუსის წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა დანაშაული, პირველ რიგში, საქართველო მოვალეა და პასუხისმგებელი, რომ გამოიძიოს, მაგრამ თუ საქართველოს არ შეუძლია ამის გაკეთება, ან არ აქვს სურვილი, მაშინ სასამართლოს პროკურორი ერთვება”, – განაცხადა ბენსუდამ.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება რამდენიმე დღის წინ მიეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები