შსს ადიგენში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, – ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოსა და ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ვიქტორ ლ. გაუპატიურების მცდელობისა და ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ადიგენის რაიონის სოფელ ზემო ენთელის საავტომობილო გზაზე ახალგაზრდა გოგონას თავს დაესხა, დანის გამოყენებით სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასევე ძალადობის მუქარით წაართვა საფულე, მობიულური ტელეფონი, სხვა პირადი ნივთები. შემდეგ ასევე ძალადობით და ძალადობის მუქარით ვიქტორ ლ-მ გოგონა ჩაიყვანა იქვე, ხევში და მისი გაუპატიურება სცადა, რის შემდეგაც ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად, ვიქტორ ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში ახალციხის რაიონის სოფელ სხვილისის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება გაუპატიურების მცდელობისა და ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-137-ე მუხლის 1-ლი და 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები