ფატუ ბენსუდა: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რამდენად გამართლებული იყო გამოძიების დაწყება

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყება არ შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულმა სახელმწიფომ საკუთარი გამოძიება უკვე ჩაატარა ან ატარებს, – ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ განაცხადა.
ჰააგის სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ფატუ ბენსუდას განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“გამოძიების დაწყება გასული წლის 13 ოქტომბერს მოვითხოვეთ, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოში არსებული ვითარების წინასწარი შესწავლის საფუძველზე, რომლის ფარგლებშიც მოპოვებულ იქნა ინფორმაცია სავარაუდო დანაშაულებზე. ეს დანაშაულები შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ სამივე მხარეს ეხებოდა – ესენია საქართველოს შეიარაღებული ძალები, სამხრეთ ოსეთის ძალები და რუსეთის შეიარაღებული ძალები. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების დაწყება არ შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულმა სახელმწიფომ საკუთარი გამოძიება უკვე ჩაატარა ან ატარებს. ბოლო დრომდე საქართველოშიც და რუსეთშიც გამოძიება მიმდინარეობდა, თუმცა გასული წლის მარტში საქართველოში გამოძიება გაურკვეველი დროით შეჩერდა, რუსეთში კი საგამოძიებო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება უკავშირდება მხოლოდ იმას, რამდენად გამართლებული იყო გამოძიების დაწყება. ეს გადაწყვეტილება არ გულისხმობს რაიმე დასკვნას კონკრეტული პირების ბრალეულობის ან უდანაშაულობის საკითხზე. მოსამართლეებს, პირის დაკავების ორდერისთვის ან სასამართლოში დაბარებისთვის მივმართავ მხოლოდ მაშინ და იმ შემთხვევაში, როცა მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, იქნება გონივრული საფუძველი, ვიფიქროთ, რომ პიროვნება პასუხისმგებელია დანაშაულებებისთვის, რომელზეც ვრცელდება სასამართლოს იურისდიქცია”, – ნათქვამია ბენსუდას განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) გუშინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები