„2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენა, საერთაშორისო განწყობებზე გავლენას მოახდენს“

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ჰააგის სასამართლოს მიერ დადგენა, საერთაშორისო განწყობებსა და რეალობაზე გავლენას მოახდენს. მისივე განმარტებით, ქართულმა მხარემ ჰააგის პროკურატურას ყველა მასალა გადასცა და საქართველო დაინტერესებულია, ჩადენილი დანაშაულები დადგინდეს ისეთი მაღალი სასამართლოს მიერ, რომელსაც ანალოგი არ აქვს.
“ჰააგის სასამართლო ქვეყნის წინააღმდეგ რაიმე განაჩენს არ გამოიტანს. ჰააგის სასამართლო, პროკურატურა, კონკრეტული დანაშაულების მიხედვით მოქმედებს და კონკრეტულ დამნაშავეებს ადგენს. ის ფაქტები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს, ეს არის: ეთნოწმენდა, წამება, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, არადამიანური მოპყრობა, სხვა სამხედრო დანაშაულები, არის უტყუარი, ამაზე უამრავი მტკიცებულება არსებობს. ის, რომ ასეთი ფაქტები დადგინდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, შეტანილია მრავალი სარჩელი. მათი უმრავლესობა არის ჩვენი მოქალაქეების მხრიდან და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებშია, რომ ასეთი ფაქტები დადგინდეს. თუმცა, მეორე საკითხია, რამდენად მოახერხებს ჰააგის სასამართლო იმ პირების დასჯას, ვინც ეს დანაშაულები ჩაიდინა. სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ჰააგის სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიების უფლება მიეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება საერთაშორისო კრიმინალურმა სასამართლომ (ICC) გუშინ მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები