ია მეტრეველი: რატომ სძულს სააკაშვილს ასე ძალიან თავისი ხალხი?
ბუტა რობაქიძის დედას მიაჩნია, რომ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვა დაგვიანებულია. თუმცა, ია მეტრეველს ახარებს ის ფაქტი, რომ საქართველოში სამართლის აღდგენის პროცესი იწყება. გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველოში სამართალი აღდგენას იწყებს. მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა დროული კი არა, ცოტა დაგვიანებულიც არის. ის აქამდეც უნდა დაკითხულიყო. თუმცა, მიხარია, რომ როგორღაც მაინც დადგა ეს დრო. რა თქმა უნდა, მის გარშემო ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. ვფიქრობ, რომ იმ საშინელი 9 წელიწადის, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდა და რაც ჩვენ გამოვიარეთ, – ყველაფრის, – თავი და თავი მიხეილ სააკაშვილია. ამიტომ მან უნდა აგოს ყველა იმ საშინელებებზე პასუხი, რაც მან ქვეყანას მოუვლინა. თავდაპირველად ჩემი უბედურებით დაიწყო ყველაფერი და საქმე იქამდე მივიდა, რომ ამდენი გაუცემელი კითხვა არსებობს მიხეილ სააკაშვილის გარშემო“, – ამბობს ია მეტრეველი.
როგორც „კვირას“ ია მეტრეველმა განუცხადა, მას თავად აქვს საქართველოს ექსრეზიდენტთან შეკითხვა:
„მან ძალიან კარგად იცოდა, რაც ჩაიდინეს სამართალდამცველებმა ჩემი შვილის მიმართ და რატომ არ მოითხოვა გამოძიების სწორად წარმართვა? ან რატომ არ დასაჯა ის დამნაშავეები, ვინც ერთადერთი შვილი მომიკლა? კონკრეტულად კი, მას, როგორც ექსპრეზიდენტს ვეკითხები – „რატომ სძულს სააკაშვილს ასე ძალიან თავისი ხალხი?“, – განაცხადა “კვირასთან” ია მეტრეველმა.