პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად“ რეგისტრაცია 28 იანვრამდე გაგრძელდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტის ,,დაიწყე ბიზნესი Fab Lab-თან ერთად“ რეგისტრაცია 28 იანვრამდე გრძელდება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პროექტი 30 იანვარს, 14:00 საათზე ტექნოლოგიურ პარკში დაიწყება.
ინჟინრებს, პროგრამისტებს, დიზაინერებსა თუ მარკეტოლოგებს საშუალება ეძლევათ, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალი მენტორების დახმარებით ჩამოაყალიბონ გუნდები, ერთობლივად შეიმუშაონ იდეები, შექმნან ბიზნესმოდელი და იდეის შესაბამისად დაამზადონ ლაბორატორიაში პროტოტიპები.
უწყების ინფორმაციითვე, ამ ეტაპზე დარეგისტრირებულია 150-ზე მეტი ადამიანი.
30-31 იანვარს ტექნოპარკში ჩატარდება კრეათონი, სადაც მონაწილეები იმუშავებენ იდეებზე, დაიყოფიან გუნდებად.
გარდა ამისა, 31 იანვარს, 19:00 სთ-ზე გაიმართება იდეების პრეზენტაციები, შეირჩევა 12 გუნდი, რომლის მონაწილეებიც გაივლიან ტრენინგებს მარკეტინგის, იურიდული და ფინანსური მიმართულებით.
იდეების ბიზნესად ქცევაში გუნდებს დაეხმარებიან მენტორები. ტექნოპარკის ფაბ-ლაბის გამოცდილი თანამშრომლები მონაწილეებს გააცნობენ ლაბორატორიაში არსებული მაღალტექნოლოგიური დანადგარების შესაძლებლობებს და დაეხმარებიან პროტოტიპირების პროცესში.
ფაბ-ლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა, სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბ-ლაბი ყველას აძლევს საშუალებას, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია „ულტრა“ თანამედროვე აპარატურას გვთავაზობს. 3D პრინტერები, ლაზერული მჭრელი და სხვა პროგრამირებადი დაზგა-დანადგარები. დღეს ფაბ-ლაბი იძლევა საშუალებას, ლაბორატორიის ბაზაზე მოხდეს სხვადასხვა პროდუქტის პროტოტიპირება და მათი მცირე რაოდენობით წარმოება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები