ბიძინა ივანიშვილი: ჩემი უსაყვარლესი და გამორჩეული რეჟისორები ელდარ შენგელაია და გია დანელია არიან

“ჩვენ ვართ განებივრებული დიდი რეჟისორებით, ჩემი უსაყვარლესი და გამორჩეული რეჟისორები გახლავან ელდარ შენგელაია და გია დანელია”, – განაცხადა ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას ვარსკვლავის გახსნას დაესწრო.

დღეს ელდარ შენგელაიას 83 წელი შეუსრულდა. კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ ელდარ შენგელიას ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე, რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან. სუხიშვილების მონაწილეობით შესრულდა ცეკვა “ხორუმი”, რის შემდეგაც ქართველმა პრიმა-ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა დასთან ერთად ვარსკვლავის წინ საბალეტო ნომერი შეასრულა.

“ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა ამ საღამოზე, აქ დედაჩემის ვარსკვლავია და მის გვერდით რომ იქნება ჩემი ვარსკვლავი, ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ყველას, ტელევიზიას, ბატონ ბიძინას, რომელიც მობრძანდა. სამწუხაროდ, მთავროის წევრები არ იყვნენ, რაღაც სხდომა იყო, მაგრამ ამ ყველაფერს გადაიღებენ და ალბათ ყველა ნახავს ამ საღამოს. დიდი მადლობა ყველას”, – განაცხადა ელდარ შენგელაიამ.

ვარსკვლავის საზეიმო გახსნის ცერემონიას ოჯახის წევრები, ქართველი ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ. ღონისძიება კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები