ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა
კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა. საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართა, სადაც ნაჩვენები იყო ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან. ელდარ შენგელაიას 26 იანვარს 83 წელი შეუსრულდა. ვარსკვლავის გახსნას ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ელდარ შენგელიას ოჯახის წევრები, მეგობრები და საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი სახეები დაესწრნენ. ქართველმა ხელოვნების წარმომადგენლებმა ელდარ შენგელაიას შემოქმედება კიდევ ერთხელ გაიხსენეს. სუხიშვილების მონაწილეობით ,,ხორუმი” შესრულდა, რის შემდეგაც ქართველმა პრიმა-ბალერინამ ნინო ანანიაშვილმა დასთან ერთად ,,ვარსკვლავის” წინ საბალეტო ნომერი შეასრულა. ღონისძიება კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის ორგანიზებით ჩატარდა.