კახეთში გზების გაწმენდა 24 – საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

კახეთის რეგიონში 3 დღეა ძლიერი თოვაა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ გზის გაწმენდით სამუშაოებს, რის შედეგადაც მოძრაობის შეზღუდვა დაწესებულია მხოლოდ გომბორის უღელტეხილსა და თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის საავტომობილო გზაზე.
ამ დროისათვის, კახეთის რეგიონში გამავალ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი რეჟიმები:
ინტენსიური თოვის, ძლიერი ყინვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი–გომბორი–თელავის საავტომობილო გზის კმ 36-კმ 58 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თბილისი–ბაკურციხე–ლაგოდეხის (აზერბაიჯანის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ93–კმ160 მონაკვეთზე (ჩალაუბანი–აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
დანარჩენ გზებზე მოძრაობა თავისუფალია. გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები