„ევროვიზიაზე“ საქართველოს გამოსვლის თარიღი ცნობილია
„ევროვიზია 2016“-ის ორგანიზატორებმა კენჭისყრა ჩაატარეს და კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიგითობა განსაზღვრეს. 61-ე ევროფესტივალის მონაწილე ქვეყნები, ნახევარფინალებში კენჭისყრის შედეგად, სტოკჰოლმში გადანაწილდნენ. წელს ევროფესტივალზე ჩვენს ქვეყანას ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz წარადგენს.
კონკურსანტები საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყოველგვარი შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე წარადგინა.
კენჭისყრის შედეგად, ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz 2016 წლის ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 12 მაისს, კონცერტის მეორე ნახევარში იმღერებენ.
პირველი ნახევარფინალი 10 მაისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: სომხეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ხორვატია, მოლდავეთი, ნიდერლანდები, რუსეთი, სან-მარინო, უნგრეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, ესტონეთი, ისლანდია, მალტა, მონტენეგრო, ჩეხეთის რესპუბლიკა და ავსტრია.
მეორე ნახევარფინალი 12 მაისს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ: ავსტრალია, ირლანდია, ისრაელი, ლატვია, ლიტვა, მაკედონია, პოლონეთი, შვეიცარია, სერბეთი, ბელორუსია, ალბანეთი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, საქართველო, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვენია და უკრაინა. 2016 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება და გრანდიოზულ სანახაობას Globe Arena უმასპინძლებს.
კონკურსის ნახევარფინალები 10 და 12 მაისს, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.