რა გახდა რუსუდან ბოლქვაძის სპექტაკლის მოხსნის მიზეზი
კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ქეთი დოლიძის გადაწყვეტილებით, მსახიობსა და რეჟისორს რუსუდან ბოლქვაძეს სპექტაკლი „ზვავი“ მოუხსნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით რუსუდან ბოლქვაძემ სოციალურ ქსელში მაყურებლისადმი მიმართვა გაავრცელა:
“ჩვენო საყვარელო და ერთგულო მაყურებელო… ვალდებულად ვთვლით თავს, საქმის კურსში ჩაგაყენოთ: თუმანიშვილის თეატრის ამჟამინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა სპექტაკლი რეპერტუარიდან ამოიღო… ანუ, დაინტერესებულ მაყურებელს “ზვავის” ნახვა შეეძლება მხოლოდ რომელიმე ორგანიზაციის შეკვეთით, ან რამე ამდაგვარი საგანგებო მიზეზით… ვემშვიდობებით ჩვენს საყვარელ სპექტაკლს, რომელმაც მოგვიტანა დიდი სიხარული, შემოქმედებითიც და ადამიანურიც, მოგვიტანა წარმატება საქართველოს ქალაქებშიც და საერთაშორისო ფესტივალებზეც… მადლობას ვუხდით თანადგომისთვის თეატრის ტექნიკურ პერსონალს, ადმინისტრაციას, კოლეგებს, რომლებიც ჩვენს სიხარულს იზიარებდნენ… და უღრმესი მადლობა თქვენ, ძვირფასებო, ჩვენო მაყურებელო, რომ განგვაცდევინეთ ეს სიხარული…
ჩვენი სპექტაკლის სათქმელით გემშვიდობებით: „თუ გულწრფელი ხარ და გიყვარს, ყოველთვის გაიმარჯვებ!”
რუსუდან ბოლქვაძე:
„მართალს ამბობს ქალბატონი ქეთი, აბსოლუტურად ვეთანხმები. დასის კრებაზე ვუთხარი, რომ არ ვისურვებდი მის ადგილზე ყოფნას, იმიტომ რომ სამხატვრო ხელმძღვანელმა მძიმე გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. სამწუხაროდ, კანონია ისეთი, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ერთპიროვნული მმართველია. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ობიექტური გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებზე და მონაცემებზე დაყრდნობით იხელმძღვანელა, მე მაინც მგონია, რომ ეს სპექტაკლი მოსახსნელი არ იყო… იმიტომ არა, რომ ყველას თავის სპექტაკლი მოსწონს. ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა, პირველ რიგში, ციფრული მონაცემებით და მეორე, არის მისი პირადი დამოკიდებულება სპექტაკლის მიმართ. თუ ჩვენ ვიმსჯელებთ გაყიდული ბილეთების რაოდენობით, თეატრის რეპერტუარში ბევრი ისეთი სპექტაკლი დარჩა, რომელზეც ბევრად უფრო ნაკლები ხალხი დადიოდა, ვიდრე „ზვავზე“… ესე იგი, გამოდის, რომ ეს არის მისი სუბიექტური დამოკიდებულება.
– „ზვავი“ დარჩა, როგორც სპეცპროექტი…
– სპეცპროექტი არის ის, რომ თუ ამ სპექტაკლზე ორგანიზაციების მხრიდან კოლექტიური დასწრების მოთხოვნა იქნება, მაშინ ჩატარდება, ამაზე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ქეთი უარს არ იტყვის და ვითამაშებთ. მე ისევ ხაზს ვუსვამ იმას, რომ რაც დავწერე სოციალურ ქსელში, ჩემს გვერდზე, სპექტაკლის სახელით დავდე და იქ არც ბრაზის, ან სკანდალის და აგრესიის არცერთი მისხალი არ არის. უბრალოდ ჩვენი მაყურებლისთვის, რომლისგანაც ამხელა თანადგომა და სიყვარული ვიგრძენით, ვალდებული ვიყავი, მეცნობებინა, რომ „ზვავი“ აღარ იქნება. თუ არადა, მობრძანდით კერძო მოთხოვნებით და ამ რეჟიმში გააგრძელებს სპექტაკლი სიცოცხლეს…
– სპექტაკლში მონაწილე მსახიობების ხელფასებზე რას გვეტყვით?
– რა თქმა უნდა, სპექტაკლში მონაწილე მსახიობების ჯიბეს ამ ფაქტმა სერიოზულად „დაარტყა“. თანაც – სრულიად მოულოდნელად, შუა წელიწადში, გახურებული სეზონის დროს. თუ ამ სპექტაკლების მოხსნა უნდოდა და რეპერტუარის გამოხშირვას აპირებდა, გასაგებია, მაგრამ ეს ცნობილი უნდა ყოფილიყო დასის კრებაზე, როცა სეზონი დავიწყეთ. შუა სეზონიდან ვინ ხსნის სპექტაკლებს. არ შეიძლება სამხატვრო ხელმძღვანელმა ასეთი გადაწყვეტილებები ექსტრემალურ სიტუაციაში მიიღოს, დასი ხომ უნდა შეამზადოს ამისთვის… ახლა დაინახა, რომ რეპერტუარი გადატვირთულია? ხომ შეეძლო ამაზე ცოტა ადრე ელაპარაკა, რომ ასეთ შოკში არ ჩაეგდო მსახიობები. ახალი როგორ უნდა დაიდგას, თუ ძველი არ მოხსენი, ეს ყველაფერი გასაგებია და ყველა ვეთანხმებით ამაში, მაგრამ საღი სპექტაკლი არ უნდა გადააგდო. უნდა დამსხდარიყვნენ და მჯელობის შედეგად, გონივრულად მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება და არა საკუთარი პირადი დამოკიდებულებით, აქ რაღაც ნეპოტიზმის სუნიც ტრიალებს…
„კვირა“ კონომსახიობთა სამხატვრო ხელმძღვანელს ქეთი დოლიძეს დაუკავშირდა:
ქეთი დოლიძე:
„არცერთი სპექტაკლი მოხსნილი არ არის, ყველაფერი მტკნარი ტყულია. ეს არის სირცხვილი და თავის მოჭრა. გადავიტანეთ სპეცპროექტებად, რაც იმას ნიშნავს, რომ 7 სპექტაკლი მაინც დაინიშნება. დეკორაცია მოხსნილი არ არის, მაგრამ 38 სპექტაკლს რეპერტუარში ვერ ჩავსვამ. რობერტ სტურუამ მოხსნა ახლა 2 სპექტაკლი, სადმე გაგიგიათ, რომ ვინმეს გაეპროტესტებინოს?
– რატომ მოჰყვა „ზვავს“ ასეთი რეაქცია?
– კორექციები შევიდა ზოგიერთი მსახიობის ანაზღაურებაში… მაგრამ ჩვენ არ გვაცალეს იმის თქმა, რომ ყოველი თვის მანძილზე ამ დანაკლისის გარკვეულ რაოდენობას მაინც ავუნაზღაურებთ. 38 სპექტაკლი არცერთ თეატრში არ არის. ქუთაისის თეატრს 14 სპექტაკლი აქვს, ჩვენზე ნაკლები სპექტაკლია მარჯანიშვილის თეატრის რეპერტუარში, რომელსაც 3 სცენა აქვს. ყოველი სეზონის ბოლოს სპექტაკლების მოხსნა და ჩანაცვლება ახალი სპექტაკლებით აბსოლუტურად ნორმალურია. ჩემი 4 სპექტაკლი მოვხსენი, მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელიც მყავდა…
– სპეცპროექტი გულისხმობს, რომ სპექტაკლი მოთხოვნის მიხედვით უნდა დაინიშნოს?
– არა, არა. ეს არის რუსიკო ბოლქვაძის ტყუილი. მოთხოვნის მიხედვით არსად წერია. ჩვენ ყველა შემთხვევაში დავნიშნავთ ამ სპექტაკლებს, რომ მსახიობს ჰქონდეს საშუალება, ითამაშოს და რეჟისორსაც ჰქონდეს რეალიზების შეგრძნება… არის 2-3 სპექტაკლი, რომელსაც აღარ ვითამაშებთ. 7 სპექტაკლი დავტოვე და მათ შორის ქალბატონი რუსუდან ბოლქვაძის „ზვავი“, რომელსაც თავად წყნარად და მშვიდად შედევრად აცხადებს. თუმცა ჩვენ ასე არ გვგონია, მაგრამ მე მაინც დავტოვე სპეცპროექტად. ასევე დავტოვე ვაჟა-ფშაველა, რომელზეც ყველა ამბობს, რომ ბრწყინვალე სპექტაკლია, „ბერნარდა ალბას სახლი“, ნუგზარ ბაგრატიონის „გაზაფხული მალე მოვა“ და კიდევ სხვა სპექტაკლები… არცერთ თეატრში არ ხდება ასე, როგორ შეიძლება სპექტაკლი დაიდგას და აღარასოდეს აღარ მოიხსნას? ეს ნორმალურია? მე ვარ ძალიან კარგი სამხატვრო ხელმძღვანელი. მაქვს დასის 99 პროცენტის მხარდაჭერა, ამის გამო ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, გვყავს არაჩვეულებრივი დირექტორი, რომელიც არის შესანიშნავი რეჟისორი და მსახიობი – ზურა გეწაძე.
-„ზვავის“ მოხსნის მიზეზი რა გახდა?
– თეატრი ითვლის და საშუალოდ გამოჰყავს, რამდენი ბილეთია გაყიდული ამა თუ იმ სპექტაკლზე. ამ სპექტაკლებს აქვს ყველაზე ნაკლები გაყიდვის კოეფიციენტი. ამაში შედის ჩემი სპექტაკლიც. ორი – სამი სპექტაკლი შევარჩიე, იმიტომ რომ არ მომწონს ხარისხი და მაქვს უფლება, რომ მოვხსნა. ამ თეატრის შექმნაში 70 პროცენტი არის პირველი მიხეილ თუმანიშვილის და მერე ქეთი დოლიძის. მე რომ არ მიმეტანა მაშინდელი ჩვენი პირველი აფიშა მამაჩემის დახმარებით ედუარდ შევარდნაძემდე, დღეს ეს თეატრი არ იქნებოდა. ეს თეატრი შექმნა მიხეილ თუმანიშვილმა, რეზო ჩხეიძემ და დაგვეხმარა კაკო დვალიშვილი. მომავალში, როდესაც ჩემს დღიურებს გამოვაქვეყნებ, იქ ყველაფერი იქნება და რუსუდან ბოლქვაძე ჯობია, ჩუმად იყოს…
ნინო ჯაჯანიძე