აქტუალური მუსიკის ფესტივალი – Close Encounters გაიმართება
29 – 31 იანვარს კონსერვატორიაში აქტუალური მუსიკის ფესტივალი Close Encounters გაიმართება.
ფესტივალის გახსნაზე ქართველი ავანგარდისტის მიხეილ შუღლიაშვილის კომპაქტდისკის პრეზენტაცია შედგება.
წელს კომპოზიტორის 75 წლისთავი აღინიშნება. დაგეგმილია ნატალია ბერიძის ახალი ნაწარმოებების პრემიერა.
მსმენელი კვლავ შეხვდება კაპელერ-ცუმთორის დუეტს, გაეცნობა სედრიკ შპინდლერისა და ფრედერიკ ანთონი რობინსონის სენსორებით მართულ კომპოზიციებს. ფესტივალში ასევე მონაწილეობს ანჩისხატის მგალობელთა გუნდი, შვეიცარული მონდრიან – ანსამბლი იტალიური რენესანსის მუსიკით, ასევე ქართველი და შვეიცარელი ექსპერიმენტალური დიჯეები.
ფესტივალის პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება: თბილისი, რეგიონები და შვეიცარია. აქტუალური მუსიკის შვეიცარულ-ქართული ფესტივალი Close Encounters წელს მეხუთედ იმართება. ფესტივალის იდეა შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ პიანისტს თამრიკო კორძაიასა და კომპოზიტორ ფელიქს პროფოსს ეკუთვნით. Close Encounters 2005 წელს დაარსდა.