რეჟისორ ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, ხვალ კინოთეატრ ,,რუსთაველის” წინ ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნება.
ელდარ შენგელაიას 26 იანვარს 83 წელი უსრულდება. საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიამდე რეჟისორისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო გაიმართება, სადაც ნაჩვენები იქნება ნაწყვეტები მისი ცნობილი კინოფილმებიდან.
“ქართველი ხელოვანები, მეგობრები, კიდევ ერთხელ გაიხსენებენ ელდარ შენგელაიას შემოქმედებას. სუხიშვილების მონაწილეობით ,,ხორუმი” შესრულდება, რის შემდეგაც ქართველი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი დასთან ერთად ,,ვარსკვლავის” წინ საბალეტო ნომერს შეასრულებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ვარსკვლავის საზეიმო და ორიგინალურ გახსნას ელდარ შენგელაიას ოჯახის წევრები, ქართველი ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები დაესწრებიან.
ღონისძიება კულტურის პალატის ხელმძღვანელის დავით ოქიტაშვილის ორგანიზებით ტარდება. ღონისძიების რეჟისორები არიან: გოჩა კაპანაძე და ბასა ფოცხიშვილი.
ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში იყო კინოსტუდია “მოსფილმის”, 1960 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმის” კინორეჟისორი, 1976-1991 წლებში კი საქართველოს კინომატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე. ასევე საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის წევრი და კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
ქართევლ რეჟისორს 1979 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1988 წელს საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა. 2009 წელს კი დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ორდენით. კინორეჟისორის ნამუშევრებს შორის არის კარგად ცნობილი ფილმები – “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “შერეკილები”, “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი” და მრავალი სხვა.
,,ცისფერი მთები” ,,კანის კლასიკაში” 20 საუკეთესო ფილმს შორის მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები