თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნის კვირეულის ფარგლებში დღეს, წიგნის – “ოპერის თეატრის 100 წლის ისტორია” პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიება ოპერისა და ბალეტის თეატრში შედგება.
წიგნის პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი, წიგნის რედაქტორი გულბათ ტორაძე და სარედაქციო ჯგუფის სხვა წევრები, ასევე მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.
“კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალურად ოპერისა და ბალეტის თეატრის საზეიმო გახსნისთვის ახალი რედაქციით გამოიცა შალვა კაშმაძის ორტომეული – “თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი”, რომელიც საქართველოს მუსიკალური ცხოვრების ერთგვარი ენციკლოპედიაა.
მასში აღწერილია ქართული საოპერო თეატრის ისტორია დაარსებიდან 1951 წლამდე. წიგნის გამოცემის იდეა ცნობილ მუსიკისმცოდნეს გულბათ ტორაძეს ეკუთვნის, პროქტის ხელმძღვანელია ქეთევან ნოზაძე, დიზაინერი – ბესიკ დანელია.
1973 წელს, ოპერის ხანძრის დროს, თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის საოპერო თეატრის უმდიდრესი არქივი. ერთადერთი წყარო, რომელიც 1851-1951 წლების საოპერო ცხოვრების შესახებ საჭირო და ამომწურავ ინფორმაციას იძლევა, სწორედ შალვა კაშმაძის ორტომეულია. წიგნში აღწერილია ოპერის თეატრის იმდროინდელი ყოველდღიური ცხოვრება საქართველოს საზოგადოებრივი და კულტურული ცხოვრების ფონზე, სიზუსტითაა გადმოცემული საოპერო თეატრის ისტორია. გამოცემაში თავმოყრილია მუსიკოსების, სოლისტების, დასების, თეატრის დირექტორების, დირიჟორების, სამხატვრო ხელმძღვანელების, მხატვრების, ბალეტმაისტერების, ქორმაისტერების ჩამონათვალი; დადგმული ოპერები, ოპერეტები, ბალეტები”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი 30 იანვარს საზეიმოდ გაიხსნება. გახსნის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის – ოპერის ფარდის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა “ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობა რეაბილიტაციამდე და რეაბილიტაციის შემდეგ” და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნისადმი მიძღვნილი გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები