შეჩერებული ბინათმშენებლობის წახალისების პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფოს მოქნილობა გაიზრდება

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებული ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხები, მისი განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი საფინანსო-ეკონომიკური შედეგები; საგადასახადო ადმინისტრირების გაუმჯობესების საკითხები და 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტი განიხილეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ 2008 წლამდე დაწყებული, შეჩერებული ბინათმშენებლობების წახალისების პროექტის მეშვეობით, უკვე 10-ზე მეტი მშენებლობა განახლდა. ეკონომიკური საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელებისთვის, სახელმწიფოს მოქნილობა გაიზრდება.

ეკონომიკური საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე შეაჯამა დავოსში ვიზიტი და საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია გამართული მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების შესახებ.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ EBRD-ი მზად არის, დამატებითი სახსრები გამოყოს საქართველოში საგადასახადო და მმართველობის რეფორმის მიმართულებით.

პრემიერი დავოსში ასევე შეხვდა მსხვილ უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც, საქართველოში ინვესტირებით, მათ შორის, 3 და 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების ქსელის განვითარებით, არიან დაინტერესებულნი. პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინვესტორისთვის შეთავაზების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სასტუმრო ქსელის განვითარებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების პაკეტის მომზადება დაავალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები