გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთმა პატივი უნდა სცეს ჩვენს სუვერენიტეტს
ამერიკულ ტელეარხ CNBC-თან ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში, რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რათა რეგიონმა ინვესტიციები მიიზიდოს.
CNBC -ის ჟურნალისტის თქმით, 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში მნიშვნელოვანი დაძაბულობა არსებობს. სეპარატისტულ რეგიონებს კი რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებს.
ინტერვიუში გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დღეს მოქმედებს დიალოგის რამდენიმე ფორმატი და პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა ვაჭრობის სფეროში.
„ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ დაძაბულობა რუსეთთან, რათა შევძლოთ მეტი ინვესტიციების მოზიდვა, რადგან სტაბილურობა და უსაფრთხოება არის ნებისმიერი ინვესტორის უპირველესი მოთხოვნა“, – განაცხადა კვირიკაშვილმა ჰედლი გემბლისთვის (CNBC) დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუში.
პრემიერის თქმით, პრობლემები მაინც რჩება, რადგან რუსეთმა გააფორმა შეთანხმება როგორც სამხრეთ ოსეთთან, ისე აფხაზეთთან.
„ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, – განაცხადა კვირიკაშვილმა, – და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პრაგმატულ მიდგომას და მომავალშიც შევეცდებით დაძაბულობის შემცირებას. რასაკვირველია, ჩვენ მივესალმებით რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასთან დაკავშირებით. ეს არის პოზიტიური ნაბიჯი, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ქართველი ხალხი სათანადოდ აფასებენ“.
კითხვაზე, აქვს თუ არა მას რაიმე გზავნილი ვლადიმერ პუტინისთვის, კვირიკაშვილმა უპასუხა: „რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ეს არის უმთავრესი პირობა, რომელიც რუსეთმა უნდა დააკმაყოფილოს, რათა დაიწყოს ნორმალური ურთიერთობები. სიმართლე რომ ვთქვათ, დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ რუსეთის ხელმძღვანელობის მხრიდან სათანადო პოლიტიკურ ნებას ამ პრობლემების მოსაგვარებლად. მიუხედავად ამისა, რუსეთთან ჩვენ გვაკავშირებს ხანგრძლივი ურთიერთობების ტრადიციები, და ყველაფერს ერთი ხელის მოსმით ვერ უგულებელვყოფთ“, – დასძინა კვირიკაშვილმა.
ინტერვიუში პრემიერ-მინსიტრმა ასევე განაცხადა: „კულტურული თვალსაზრისით, ქართველები ევროპელები ვართ, ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა“.
დავოსის ფორუმის ფარგლებში კვირიკაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდა. მხარეებმა ალიანსში საქართველოს გაწევრების საკითხები განიხილეს.