გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ევროპისა და აზიის დაკავშირება შეუძლია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმის ფარგლებში, ამერიკულ ტელეკომპანია CNBC-თან ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, არსებობს ბევრი მიზეზი, თუ რატომ არის მოსალოდნელი უახლოეს წლებში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ კი საქართველოში, რადგანაც ქვეყანაზე, რომელიც განლაგებულია ევროპისა აზიის გასაყარზე, ამ ორ კონტინენტის დამაკავშირებელი გზები გადის.
„აღსანიშნავია მნიშვნელოვანი პროექტები, მაგალითად, „აბრეშუმის გზის“ აღდგენის ინიციატივა „ერთი სარტყელი – ერთი გზა“, რომლის წყალობითაც ევროპა ეზიარება აზიურ დინამიზმს და პირიქით. ევროპას სჭირდება ზრდის ახალი მამოძრავებელი ძალები. საქართველო კი არის ზუსტად ის ქვეყანა, რომელსაც ევროპისა და აზიის დაკავშირება შეუძლია.
საქართველოში ხორციელდება ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, მაგალითად, ინფრასტრუქტურისა და რკინიგზის მოდერნიზაციისკენ გამიზნული ინიციატივები. საუბარია ბაქო-თბილისი-ყარსის ახალ სარკინიგზო ხაზზე, რომელიც დააკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს, ასევე შავი ზღვისპირეთში ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. ასევე უნდა ვახსენო ფართომასშტაბიანი საინვესტიციო, მაგალითად, ჰიდროენერგეტიკული პროექტები.
საქართველოს აქვს შესანიშნავი გეოგრაფიული მდებარეობა და ძალიან ღია და ლიბერალური ეკონომიკა, რაც წარმოადგენს ჩვენი ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას.
ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ყველა მეზობელ ქვეყანასთან. ახლახან, თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რომელსაც მოაქვს არა მხოლოდ ტარიფების ლიბერალიზაცია, არამედ საქართველოს ინსტიტუტებისა და რეგულაციების რეფორმაც. საქართველო წარდგება, როგორც ევროპული ქვეყანა, რომელსაც აქვს შედარებით მსუბუქი რეგულაციები, იაფი ენერგორესურსები და სამუშაო ძალა, შესანიშნავი გარემო ბიზნესის წარმოებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ ამ გარემოს ლიბერალიზაციას“.
– უფრო დეტალურად ევროპასთან ურთიერთობების შესახებ: თქვენმა წინამორბედმა ერთი წლის წინ, დავოსში გააკეთა განცხადება საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ტრანსფორმაციის შესახებ. თუმცა, დღეს ბევრს მიაჩნია, რომ ევროკავშირი თავად მის არსებობასთან დაკავშირებული მწვავე გამოწვევების წინაშე დგას: მიგრაციასთან დაკავშირებული კრიზისი, უსაფრთხოებასა და, პირველად მის ისტორიაში, საზღვრებთან დაკავშირებული საკითხები. ცვლის თუ არა ყოველივე ეს თქვენს გეგმებს საქართველოს მიზნებთან დაკავშირებით?
– პირველ რიგში, მინდა გავამხნევო ევროპელები. განწყობა დავოსში წელს არ არის საუკეთესო, თუმცა მე პირადად ვხედავ უფრო მეტ მიზეზს ევროპაში ოპტიმიზმისთვის, ვიდრე პესიმიზმისთვის, რადგანაც ევროპამ ბევრს მიაღწია. ადამიანებს ბევრი რამ მიაჩნიათ, როგორც თავისთავად არსებული, ანუ ის, რაც თავისთავად არის გარანტირებული. ჩემი აზრით, ევროპელმა ლიდერებმა მეტი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ ევროპელებს ევროკავშირის დადებითი მხარეების შესახებ. არსებობს ბევრად მეტი მიზეზი იმისთვის, რომ ევროპაში იყოს ეკონომიკური ზრდა და არა პირიქით, რადგანაც, იგივე მიგრაციის პრობლემა რომ ავიღოთ, უნდა შევხედოთ დადებით მხარეს, ანუ ამ ადამიანების ევროპულ საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით. აქ ლაპარაკია მათთვის სათანადო უნარების მიწოდებაზე, მაგალითად, ენობრივი კომუნიკაციის და სამუშაო უნარებით უზრუნველყოფაზე, რათა განხორციელდეს მათი ინტეგრაცია ევროპულ ეკონომიკაში. ეს ადამიანები მზად არიან, გასცენ იმაზე მეტი, ვიდრე მიიღებენ. ასე რომ, შუალედურ და გრძელვადიან ჭრილში ისინი იქცევიან ევროპაში ზრდის მნიშვნელოვან რესურსად.
– ირანი ბრუნდება მსოფლიო გლობალურ საზოგადოებაში. უკვე თებერვალში ევროპას ირანიდან მიეწოდება ნავთობი. რა სახის შესაძლებლობებს აძლევს ეს საქართველოს, განსაკუთრებით „აბრეშუმის გზაზე“ თქვენი გეოგრაფული მდებარეობიდან გამომდინარე?
– ჩვენ ძალიან დადებითად ვაფასებთ ირანის გახსნას მთელი მსოფლიოსთვის. მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი წარმატება. დღეს ჩვენ აღარ ვფრთხილობთ ირანთან ურთიერთობებში და ამ მხრივ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი.