კახა კალაძე: მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე პარლამენტში
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფიქრობს, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში მისი მისვლით შოუს დადგმა სურს. კალაძე ამბობს, რომ ის თანახმაა, ამ შოუში მიიღოს მონაწილეობა, როდესაც ამისი დრო ექნება.
“პარლამენტში მისვლაზე გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვარ, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანთან, ექსპერტები იქნებიან ესენი, არასამთავრობოები თუ სხვა, ამ კონკრეტულ თემაზე შესახვედრად. ასევე პარლამენტში აუცილებლად მივალ. ცხადია, მათ უნდათ შოუს დადგმა. მე თანხმა ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ შოუში, თუმცა, როდესაც დრო მექნება, ამასთან დაკავშირებით წინასწარ ვაცნობებ მათ და არა მაშინ, როდესაც ბატონი წიკლაური ნაბახუსევზე გაიღვიძებს და მოინდომებს კალაძის მისვლას პარლამენტში. ამას მე გადავწყვეტ, როდის უნდა მივიდე”, – განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მან “ნაციონალურ მოძრაობას” წერილობით აცნობა პარლამენტში მისვლის თაობაზე უარი, კალაძე აცხადებს, რომ იმ პერიოდში ვენაში იყო და ამიტომ პარლამენტში მისვლას ვერ მოახერხებდა. კალაძის საკანონმდებლო ორგანოში მისვლა და აღნიშნული თემის უმცირესობაში შემავალი ფრაქციების გაერთიანებულ სხდომაზე განხილვა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოითხოვა, რასთან დაკავშირებითაც პარტიამ ენერგეტიკის სამინისტროს 15 იანვარს მიმართა, თუმცა “ნაციონალური მოძრაობისთვის” სამინისტროს მიერ გაგზავნილ საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ კახა კალაძე პარლამენტში მისვლას გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ შეძლებს.