დავით სერგეენკო: 112-ში 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, 112 -ში 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა.
როგორც დავით სერგეენკომ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 3800 შესული ზარიდან 1200-მდე მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო დაირეკა.
მინისტრის ინფორმაციით, 112-ის სადისპეტჩერო სამსახურში გუშინ 300-ზე მეტი პასუხგაუცემელი ზარი დაფიქსირდა.
მისივე თქმით, გუშინ დაფიქსირდა საგანგაშო სიმპტომი, როდესაც 112-ის სადისპეტჩერო სამსახურის გადატვირთვის გამო, ადამიანები ცდილობდნენ დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და ამას ვერ ახერხებდნენ.
“ადამიანები ცდილობდნენ, დაერეკათ სასწრაფო დახმარების სამსახურში და გადატვირთული იყო მთლიანი სადისპეტჩერო სამსახური, რომელიც 112-მა გააძლიერა, მიუხედავად ამისა, ეს, მართლაც, საყურადღებო და საგანგაშო სიმპტომი დაფიქსირდა. ამან კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სწორია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, თუ ბოლო 6 თვის მანძილზე თბილისში გამოძახებების რაოდენობა დღეში 2 000-ის ფარგლებში იყო, გუშინ 3800-მდე გამოძახება დაფიქსირდა, აქედან 1200-მდე მხოლოდ მაღალი ტემპერატურის გამო იყო.
მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, რომ გუშინ თბილისში, წინამძღვრიშვილისა და ქიაჩელის ქუჩებზე გაიხსნა ორი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს.
გუშინ ეს ცენტრები პაციენტების მიღების რეჟიმში მუშაობდნენ და მათი ოჯახების ექიმები გამოძახებებზე არ გასულან. დღეიდან კი ისინი გამოძახებებს შეასრულებენ.