„შეიძლება ექსპრეზიდენტი დაიკითხოს, მაგრამ რაღაც გარემოებებიც გასათვალისწინებელია“
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვას ეხმაურება. მისი თქმით, კანონის ფარგლებში შეიძლება ყველა დაიკითხოს, თუმცა რაღაც გარემოებები გასათვალისწინებელია.
როგორც „კვირას“ გიგი წერეთელმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი გამოძიებას არასდროს არ გაქცევია და ექსპრეზიდენტი აგვისტოს ომის შემდეგ პარლამენტის კომისიის დროს საჯაროდ დაიკითხა. თუმცა, დეპუტატს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვისას გათვალისწინებული უნდა იყოს საერთაშორისო პოლიტიკური სიტუაცია.
„სამწუხაროდ, ხელისუფლება ტოტალურ შეტევაზე გადავიდა, რასაც ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ცხადყოფს. გასაგებია მათი სურვილი, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა დაიკითხოს. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ზღვარია, რომელის იქითაც არ უნდა გადავიდეს ხელისუფლება. ძალიან ბევრი რამ ჩამოითვალა დღეს. გასაგებია და შესაძლებელია ძალიან ბევრი კითხვა არსებობდეს, კანონის ფარგლებში, ნებისმიერ მოქალაქესთან, ნებისმიერი თანამდებობის ყოფილ ან მოქმედ პირთან.
სააკაშვილი თავის დროზე არ გაქცევია კითხვებს და ის 2008 წლის ომთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიაზე საჯაროდ დაიკითხა. სხვათა შორის, ამ კომისიას მაშინ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ხელმძღვანელობდა. უბრალოდ კონტექსტი უნდა მოიძებნოს. დღეს ჩვენ თუნდაც საერთაშორისო კუთხით, ძალიან საპასუხისმგებლო, მართლაც, ისტორიულ ვითარებაში ვართ, როდესაც შესაძლებელია საქართველომ უკრაინაში შექმნილ მოვლენებთან დაკავშირებით ძალიან არაოდინალური და ძალიან მოულოდნელი ნაბიჯი გადადგას ევროკავშირსა და ნატოში ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.
მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი აქტიური ფიგურაა დღეს, მსოფლიო მასშტაბით, ვინც ამ პროცესებში ჩართულია არა როგორც კერძო პირი, არამედ საქართველოს ლობისტი. ყველა მის გამოსვლაში აქცენტი კეთდება საქართველოზე. ამიტომ ამ ვითარებაში მოთხოვნა, – რომ მიხეილ სააკაშვილი დაიკითხოს და ალბათ ის უნდა ჩამოვიდეს, და ასე შემდეგ,- … მიმაჩნია, რომ ამ პროცესისთვის ძალიან სერიოზული ხელისშეშლაა, დისკრედიტაციის მცდელობაა.
ეს კი სწორედ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლაა. მე მგონია, რომ პირიქით, ამ ვითარებაში უნდა მოიძებნოს გამოსავალი. როგორც ხელისუფლება და უმრავლესობა აცხადებს, ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა და ნატოში უფრო მეტი წარმატების მიღწევა პრიორიტეტია, ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ არასდროს ყოფილა, მთელი მსოფლიოს ბრძოლა რუსეთის აგერსიის წინააღმდეგ – სანქციებით, პოლიტიკურად და ასე შემდეგ. ამიტომ ასეთ დროს მსგავსი შიდა დაპირისპირებები მხოლოდ ამ პროცესების მოწინააღმდეგეებისთვის არის ხელსაყრელი.
ეს ყველაფერი კი ხელს ისევ და ისევ რუსეთს აძლევს. ამ სიტუაციაში, თუ ვინმე იბრძვის, – დღეს ეს ჩანს იგივე რუსეთის პოლიტიკაში, რეგიონშიც საფრთხეების გართულებების პრევენციისთვის, – ერთ-ერთი არის მიხეილ სააკაშვილი და ასევე ბევრი ადამიანი ჩვენი გუნდიდან.
ვფიქრობ, ახლა ასეთი სიტუაციის წამოწევა არაადეკვატურად მიმაჩნია. თუ კითხვები არსებობს, შესაძლებელია რაღაცის გადავადება. ამაზე უნდა დაფიქრდეს ხელისუფლება და დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც ეს ძალიან ადეკვატურად ესმით. ის, რომ შეიძლება კანონის ფარგლებში დაიკითხოს ყველა, ამის პრობლემა არ არის, მაგრამ რაღაც გარემოებებიც გასათვალისწინებელია“, – განუცხადა „კვირას“ გიგი წერეთელმა.