„თუ სააკაშვილს, მართლაც, დასამალი არაფერი აქვს, უნდა გამოცხადდეს პროკურატურაში“
საქართველს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება. როგორც ეკა ბესელია განმარტავს, ყოფილი პრეზიდენტი აქამდე უნდა ყოფილიყო დაბარებული საგამოძიებო ორგანოში. მისივე თქმით, თუ სააკაშვილს დასამალი, მართლაც, არაფერი აქვს, როგორც ამას თავად აცხადებდა, დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს.
“აქამდეც ველოდებოდით ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებას ძალიან ბევრ იმ საქმესთან დაკავშირებით, სადაც, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევის ფაქტები პირდაპირ იკვეთება. პროკურატურის შთამბეჭდავ ჩამონათვალში საკმაოდ ბევრი გახმაურებული საქმეა და შესაძლოა, სხვა ფაქტებიცაა, რომლებიც კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს. თუ ეს კითხვები არ დაისმება სააკაშვილთან, ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ სააკაშვილი კანონზე მაღლა უნდა დააყენოს. სააკაშვილი აუცილებლად უნდა მობრძანდეს დაკითხვაზე. ის ამბობდა, რომ არაფერი აქვს დასამალი. თუ ეს, მართლაც, ასეა, ვალდებულია, როგორც საქართველოს მოქალაქე, მივიდეს პროკურატურაში და კითხვებს პასუხი გასცეს”- განაცხადა ეკა ბესელიამ.