„ხელისუფლების მიზანია, სააკაშვილი როგორმე წითელ ცირკულარში ჩასვან“
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში მოწმის სახით დაბარებას სააკაშვილის უკრაინასა და საერთაშორისო ასპარეზზე აქტიურობას უკავშირებს,- ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ვაშაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი დღეს არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელსაც მსოფლიო ლიდერებთან პირდაპირი კონტაქტი აქვს და, “რომლის აზრსაც მსოფლიო ლიდერები” იზიარებენ. ამის გამო, როგორც დეპუტატმა განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლების მიზანია, მიხეილ სააკაშვილს რამენაირად თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდოს.
“ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია მიხეილ სააკაშვილის აქტივობასთან, განსაკუთრებით უკრაინაში და მათი მიზანია, ეს პროცესი შეაჩერონ. ეს პირდაპირ შედის პუტინის ინტერესში. ხელისუფლების მიზანია, როგორმე წითელ ცირკულარში ჩასვან, რომ ის ვერ გადაადგილდეს ერთი ქვეყნიდან მეორე ქვეყანაში. დანარჩენს რაც შეეხება, რა იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, ამას დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პროკურატურის გააქტიურება და დაკითხვების კასკადი მიანიშნებს, რომ ხელისუფლებამ რაღაც დავალება მიიღო.
“ვწუხვარ, რომ ეს დავალება შეიძლება ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ინტერესებს უკავშირდებოდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად 2014 წლის 27 მარტს, 13:00 საათზე დაიბარეს. მთავარმა პროკურატურამ დღეს იმ საქმეების ჩამონათვალი გაავრცელა, რომელთა დაკავშირებითაც მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაიკითხება. პროკურატურას კითხვები მიხეილ სააკაშვილთან, ჟვანიას გარდაცვალებისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე და ბოლო წლების გახმაურებული დანაშაულების შესახებ აქვს.