შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წელიწადში 600-მდე ადამიანი იღუპება

შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, წელიწადში საშუალოდ 600-მდე ადამიანი იღუპება და ამ მაჩვენებლებით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე რიგებშია.
შალვა ხუციშვილი დეპუტატებს ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით მთავრობის საკანონმდებლო პაკეტს აცნობს. მისი თქმით, ამ მხრივ, ევროპულ ქვეყნებს ძალიან ჩამოვრჩებით.
“ამ მხრივ ძალიან ჩამოვრჩებით ევროპულ ქვეყნებს. საგზაო მოძრაობისას დაღუპულთა კუთხით ჩვენზე წინ არის მხოლოდ რუსეთის ფედერაცია და სომხეთი. ამას რომ დავუმატოთ სხვადასხვა რისკი, რასაც ექსპერტები მიუთითებენ, ეს არის ქაოსური მოძრაობა, ეს უარყოფითად აისახება ტურისტულ, ტრანზიტულ პოტენციალზე. მხოლოდ თბილისის მასშტაბით დასახიჩრებულ პირებზე მთავრობა დაახლოებით 10 მილიონამდე ლარს ხარჯავს”, – აცხადებს შალვა ხუციშვილი.
შეგახსენებთ, რომ “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები