პროექტი -„ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ საზეიმოდ დაიხურება

დღეს, 16 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში პროექტის – „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ დახურვის საზეიმო ცერემონიალი გაიმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების ამსახველი ფოტოგამოფენა, პროექტის აქტიური მონაწილეების და მედიის წარმომადგენლების დაჯილდოება.
პროექტი – ”ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის” განხორციელდა ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს – USAID-ის მხარდაჭერით, ფონდ ”ტასოსთან”, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტსა და გალის რაიონში მოქმედ ორგანიზაციასთან პარტნიორობით, კახეთში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გალსა და თბილისში.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამშვიდობო და კონფლიქტის პრევენციის პროცესებში ქალთა სრული მონაწილეობის მხარდაჭერა, სამიზნე რეგიონებში ქალთა პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერება თემის მობილიზების გზით და ადგილობრივი საჭიროების კვლევის საფუძველზე. პროექტში ჩართული იყო სხვადასხვა რეგიონის, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი 3000-მდე ადამიანი, მათ შორის, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი ქალები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები