„კანონის წინაშე მიხეილ სააკაშვილიც თანასწორია“

   პარლამენტის უმრავლესობის წევრის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორუფლებიანი უნდა იყოს, – საქართველოს რიგითი მოქალაქეც და ასევე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტიც.
როგორც „კვირას“ ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, იმ ფაქტში, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოძიებამ მოწმის სახით უნდა დაჰკითხოს, საგანგაშო არაფერია. მისი თქმით, შესაძლებელია, საგანგაშო თავად მიხეილ სააკაშვილისთვის იყოს, თუ, რა თქმა უნდა, მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა.
„როგორც ჩანს, გამოძიებას აქვს შეკითხვები მიხეილ სააკაშვილთან. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა საქმეზე. საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ გამოძიება იმ კულმინაციამდე მივიდა, რომ ყველა დანარჩენი შეკითხვა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მიიღოს, რაც აბსოლუტურად ადეკვატურია და არ მგონია, ვინმეს რაიმე ზიანი მიადგეს. რადგან გამოძიება არის, არსებობს შეკითხვებიც. კანონის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ, მათ შორის როგორც რიგითი მოქალაქე, ასევე, ყოფილი პრეზიდენტიც. საგანგაშო არაფერია, ეს არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებები. საგანგაშო შეიძლება იყოს თავად სააკაშვილისთვის, თუ რაიმე დანაშაული ჩაიდინა, თორემ საზოგადოებას და გამოძიებას წინა ხელისუფლების 9 – წლიანი მმართველობის დროს უამრავი შეკითხვა დაუგროვდა“, – აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით 27 მარტს დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები