თინათინ ხიდაშელმა სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა. თინათინ ხიდაშელმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში H1N1 ტიპის გრიპის ვირუსის შემთხვევები გადაამოწმა.
პრევენციული ღონისძიების მიზნით გამართულ საგანგებო ვიდეოთათბირზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა სტრუქტურული დანაყოფი იყო წარმოდგენილი.
„გრიპის ვირუსის გავრცელების და პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს, ჩვენი ამოცანაა, ვითარება მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ პრობლემა არ წარმოიშვას“,- განახადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრს სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელებმა შეიარაღებულ ძალებში გრიპის ვირუსით ინფიცირების ფაქტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
თინათინ ხიდაშელმა ბრიგადებისა და სხვა დანაყოფების მეთაურებს სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის ხშირი მონიტორინგისკენ მოუწოდა.
„საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში ბევრი პრევენციული ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მინიმალური იყოს გრიპის გავრცელების რისკი. ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს რამდენიმე განცხადება გაავრცელა. არც პანიკის, არც არავითარი აჟიოტაჟის მიზეზი არ არსებობს. ჩვენი ხელისუფლების ვალია, მაქსიმალური პრევენცია განვახორციელოთ, რომ პრობლემა არ წარმოიშვას. რადგან ჯარი ყაზარმულად ცხოვრობს, აქ ერთმა ვირუსით დაინფიცირებულმა ადამიანმა შეიძლება პრობლემა შექმნას, ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია და ამიტომ ჩვენ მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ვახორციელებთ.
დღეს, საქართველოს მასშტაბით, ბრიგადის მეთაურებთან ყველა სამხედრო ნაწილი გადავამოწმეთ. ამ წუთას მთელი შეიარაღებული ძალებიდან სამხედრო ჰოსპიტალში სულ 12 ადამიანი გვყავს, ასე რომ, საგანგაშო არაფერია. ჩვენი ამოცანაა, რომ სამხედრო მოსამსახურე, სიცხის გამოვლენის შემთხვევაშიც კი, თუკი თეორიული შანსი არსებობს, რომ მას გრიპის ვირუსი ჰქონდეს, დავითხოვოთ და სამკურნალოდ გავუშვათ, რათა პოტენციურად პრობლემა არ შექმნას“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ვიდეოკონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები: დავით ებრალიძე, ანა დოლიძე და ბესიკ ლოლაძე, ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები – პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები