საქართველოში ამ დროისთვის ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირების 8 ათასი შემთხვევა ფიქსირდება
საქართველოში ამ დროისთვის H1N1 ვირუსით ე.წ. ღორის გრიპით დაინფიცირების 8 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. თუმცა სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს არ არის საგანგაშო ზღვარი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, არსებული მაჩვენებლით ამ ეტაპზე ვითარება ეპიდემიის ზღვართან ახლოს არ არის.
„100 ათას მოსახლეზე არის 250 შემთხვევა, საქართველოში ეპიდემიური ზღვარი ეს არის 500 და მეტი შემთხვევა. ანუ ნახევარია ჯერ იმისი, რაც შეიძლება ჩავთვალოთ ზამთარში ეპიდემიურ გავრცელებად,“ – განაცხადა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ მოქალაქეებმა საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართონ.