„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ ბათუმის ბულვარის სივრცითი განვითარების გეგმის მომზადებას მოითხოვენ
„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები“ ბათუმის ბულვართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბათუმის ბულვართან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახვა, რომ კარგი საქმის კეთების მარტო სურვილი და ენთუზიაზმი არ კმარა. საჭიროა მეტი საზოგადოებრივი აქტივობა და პროფესიონალების აქტიურად გამოყენება. ჩვენი დაკვირვებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს აბსოლიტურ დილეტანტიზმთან, არაპროფესიონალიზმთან და თანამდებობრივ გულგრილობასთან ან ბოროტად გამოყენებასთან. ამიტომ „მწვანეებმა“ ჩავთვალეთ საჭიროდ, აქტიურად ჩავერთოთ ამ კამპანიაში, დავიწყოთ საზოგადოების ფართო მასების მობილიზება და ჩართულობა. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, რომელიც წერილის სახით ჩაბარდათ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის; აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის კანცელარიას. აგრეთვე საჭიროდ ვთვლით, „მწვანეების“ პოზიციას გაეცნოთ თქვენც.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ პოზიცია ბათუმში ბულვარის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული ,,ბულვარის განვითარების კონცეფციის“ შესახებ:
2015 წლის დასასრულს, ძალზე გაამწვავა საზოგადოების უკმაყოფილება, შპს ,,სასტუმრო ოაზისის“ მიერ შემუშავებულმა და საჯარო განხილვაზე (სასტუმრო „რედისონში“) წარმოდგენილმა ბათუმის ძველი ბულვარის განვითარების კონცეფციამ.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შპს ,,სასტუმრო ოაზისის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია წარმოადგენს… სამოთხის ბაღის მოდელზე აგებული სივრცის მოწყობას, რაც სრულიად შეუსაბამისობაშია ფლორენციის ქარტიის პრინციპებთან ისტორიულ ბაღებთან მიმართებაში… და რომ, კომპანიის მიერ შემოთავაზებული კონტრაქტი ყველაზე დაბალღირებულია სხვა პროექტებთან შედარებით.
გვინდა შეგახსენოთ, რომ ბათუმის ბულვარი დაარსდა 1885 წელს, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორის ა.სმეკალოვის ინიციატივით და ფრანგი მებაღე -დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის ორგანიზებით.
დაარსებიდან დღემდე ბულვარი ბათუმის ისტორიის განუყოფელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ის 1987 წლიდან საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლია, ამასთანავე, არის მნიშვნელოვანი სარეაკრეაციო ზონა და სამკურნალო კლიმატოლოგიური კურორტი.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარის განვითარების კონცეფცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის VI თავის 22,23,24, მუხლებში გაწერილ მოთხოვნებთან. კერძოდ, აღნიშნული კანონის თანახმად: ძეგლის დაცვის ძირითადი პრინციპია მისთვის იმ თვისებებისა და მახასიათებლების, უძრავი ძეგლის შემთხვევაში – ასევე იმ გარემოს შენარჩუნება, რომლებიც (რომელიც) განაპირობებს მის ისტორიულ, კულტურულ, მემორიალურ, ეთნოლოგიურ, მხატვრულ, ესთეტიკურ, მეცნიერულ ან სხვა ღირებულებას; დასაშვებია ძეგლის მხოლოდ იმგვარი გამოყენება, რომელიც არ აზიანებს ან ამის საფრთხეს არ უქმნის მას, არ ამცირებს მის კულტურულ ან ისტორიულ ღირებულებას, არ იწვევს მისი ავთენტიკური ელემენტების ცვლილებებს, არ აუარესებს მის აღქმას; აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე. „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ მოვითხოვთ, აჭარის მთავრობამ შეაჩეროს აღნიშნული კონცეფციის განხილვები; ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონის სწორი რედაქტირების და საქართველოს საბაღე-საპარკო ხელოვნების ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის უხეში ხელყოფის თავიდან აცილების მიზნით – დაიწყოს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან;
შემუშავდეს ბათუმის ბულვარის სივრცითი განვითარების გეგმის მომზადება სპეციალისტების და ექსპერტების მეშვეობით „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“ მოგიწოდებთ, ნუ დავუშვებთ ეკონომიკური განვითარების ეგიდით კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ხელყოფას. ეს ჩვენი ისტორიაა და ამ ისტორიაში სხვა ეპიზოდების ჩართვა (რაც არ უნდა მომხიბვლელი არ უნდა იყოს) დაუშვებელია“,- ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.