ოთარ დანელიამ ბერლინში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ბერლინში საერთაშორისო გამოფენის ,,მწვანე კვირეულის“ ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამიტს 60 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ესწრებოდა.
2016 წლის მინისტერიალის მთავარ თემას სასურსათო უსაფრთხოების საკითხების განხილვა წარმოადგენდა. როგორც ფორუმზე აღინიშნა, სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მსოფლიოსთვის მთავარ გამოწვევად რჩება და სოფლის მეურნეობის სწორი პოლიტიკის განსაზღვრა, სწორედ ამ გამოწვევის დაძლევის მთავარი საშუალებაა. თანამედროვე სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება კი, მრავალფეროვანი და ჯანმრთელი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდების გარანტია იქნება.
სამიტზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი მოხსენებით წარსდგა. ოთარ დანელიამ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ევრორეგულაციებთან თავსებადობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე. მინისტრმა საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მიმდინარე პროექტებზეც ისაუბრა.
ბერლინში გამართულ ფორუმს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ესწრებოდნენ.
ს
ამიტის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, კრისტიან შმიდტის მიწვევით ოთარ დანელია ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და მაღალი რანგის სტუმრები ესწრებოდნენ.