ზვიად გაბისონია ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის ბიურომ ხელოვნური ინტელექტისა და განათლების ექსპერტთა კომიტეტის (EDU-IA) წევრად აირჩია. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ექსპერტთა კომიტეტი წევრი სახელმწიფოების თხუთმეტი წარმომადგენლისგან შედგება. კომიტეტის წევრები არიან მაღალი რანგისა და კვალიფიკაციის მქონე პირები, რომელთა გამოცდილება უკავშირდება განათლებაში ციფრულ ტრანსფორმაციას, განათლების სისტემაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციას, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებსა და ინოვაციურ მიდგომებს.

კომიტეტის შემადგენლობაში შედიან შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლები: ხორვატია, ესტონეთი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა. კომიტეტის შეხვედრებში მათ მონაწილეობას ევროპის საბჭო დააფინანსებს.

ხელოვნური ინტელექტისა და განათლების კომიტეტის პირველი სხდომა 2026 წლის 14–15 იანვარს გაიმართება.

ზვიად გაბისონია, ამავდროულად, არის ევროპის საბჭოს განათლების მმართველი კომიტეტის (CDEDU) ხელოვნური ინტელექტისა და კვალიფიკაციების აღიარების ექსპერტთა ჯგუფის წევრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები