ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დამშრობი მასივი იწმინდება
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ მასივზე სამუშაოებს ახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სოფელ თხინვალში დანალექი გრუნტისა და ნარჩენებისგან იწმინდება 21 ჰექტარ მიწის ფართობზე არსებული შემკრები და კოლექტორული არხები, საერთო სიგრძით 5000 მეტრი. ამ დროისათვის უკვე დასრულებულია 1000 მეტრის გაწმენდა.
დამშრობ მასივზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 25 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ახლომდებარე საკარმიდამო ნაკვეთები დაცული იქნება დატბორვისგან, სადრენაჟე ინფრასტრუქტურა გამართულად იფუნქციონირებს და სასოფლო-სამეურნეო წარმოების პოტენციალი გაიზრდება.
აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი.