თინათინ ხიდაშელი მაზარ-ი-შარიფში მოქმედ ბაზა „მარმალს“ ესტუმრა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პროვინცია მაზარ-ი-შარიფში მოქმედ ბაზა „მარმალს“ ესტუმრა.
31-ე ბატალიონის „ალფა“ და „ბრავო“ ასეულების შესახვედრად მინისტრთან ერთად მაზარ-ი-შარიფში ასევე ჩავიდნენ: გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ეროვნული სასწავლო ცენტრის – „კრწანისის“ მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად „მარმალზე“ 31-ე ბატალიონის „ალფა“ და „ბრავო“ ასეულებია დისლოცირებული, რომლებიც მისიის გადაბარების პროცედურებს გადიან. „ალფა“ ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი სურგულაძემ სტუმრებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და, ზოგადად, რეგიონში შექმნილი ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
დელეგაციის წევრები, თინათინ ხიდაშელის ხელმძღვანელობით, 31-ე ბატალიონის ასეულების პირად შემადგენლობასაც შეხვდნენ და მათგან ყოველდღიური საყოფაცხოვრებო პრობლემებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. სტუმრებმა ჯარისკაცების შეკითხვებსაც უპასუხეს.
მაზარ-ი-შარიფში ვიზიტის დასასრულს თავდაცვის მინისტრი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთის მიმართულების სარდალს, ბრიგადის გენერალ ჰარტმუტ რენკს შეხვდა. გერმანელმა გენერალმა ქართველ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ავღანეთში მაღალ დონეზე მომზადებული კონტინგენტის მივლინებისთვის.
თინათინ ხიდაშელმა ვიზიტის შეჯამებისას სამხედრო მოსამსახურეების წინაშე არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემებს სხვადასხვა დროს დადებული კონტრაქტის პირობები წარმოადგენს.
„ძირითადად, რამდენიმე პრობლემა აქვს პირად შემადგენლობას. საუბარია ძველ ამბებზე, როდესაც არაპროპორციულად, არასათანადოდ იყო გამოყენებული წესები სხვადასხვა შენაერთის მოსამსახურეების მიმართ. პრობლემას წარმოადგენს სხვადასხვა დროს დადებული კონტრაქტის პირობები. ასეთი შეხვედრების დროს ჩვენი ამოცანა კონკრეტული საკითხების იდენტიფიცირებაა, რათა შემდეგ, სადაც შეგვიძლია, ჩავერიოთ და სწრაფად მოვაგვაროთ. ამიტომ მომავალი ორი კვირის განმავლობაში, თბილისში დაბრუნების შემდეგ, ბევრი წესი და პროცედურა შეიცვლება, სწორედ, ამ შემოვლიდან გამომდინარე. საზოგადოება და შეიარაღებული ძალები ცვლილებების შესახებ ინფორმაციას აუცილებლად შეიტყობენ“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები